ჩვენს შესახებ

ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს. მუზეუმის არქივებში, ბიბლიოთეკის მტვრიან თაროებზე თუ ცივილიზაციას მოწყვეტილ სოფლებში აღმოჩენილ ძველ არტექფაქტებსა და მივიწყებულ ტრადიციებს გარდავქმნით თანამედროვეობის ნაწილად.

ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული, სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათი ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

საქართველოს გაცნობის დასაწყებად ყველაზე კარგი ადგილი ალბათ ქართული სუფრაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პირველი ნივთი იყო ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრა. ლურჯი სუფრის ისტორია XVII საუკუნის თბილისში იწყება, სადაც ბამბის ქსოვილს მუქ ლურჯ ფერად ღებავდნენ, შემდეგ კი ტრადიციული ორნამენტებით ამკობდნენ. ლურჯი ფერის არჩევა კი იმან განაპირობა, რომ სუფრას ქართული ღვინის გადმოქცეული მეწამული ლაქები არ შეტყობოდა.

აქედან მოყოლებული, ლურჯი სუფრა თბილისური ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა, ის დღემდე ქართული სტუმართმოყვარეობის პირველ ატრიბუტად მიიჩნევა.

ბლუტაბლას კოლექცია ასევე მოიცავს უნიკალური ქართული ანბანის დიზაინით გაფორმებულ სუფრებს, აქსესუარებსა და ჭურჭელს. ქართული დამწერლობის ევოლუციის შედეგად შეიქმნა სამი ანბანი, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობენ თანამედროვე რეალობაში - მათი კულტურული და სოციალური ფუნქციების გათვალისწინებით, რაც ქართული იდენტობის თავისებურებას კარგად გამოხატავს. ქართული ანბანის სამივე სახეობა უნესკოს არამატერიალური კულტურის ნუსხაშია, ქვევრთან, პოლიფონიურ სიმღერასა და ჭიდაობასთან ერთად.

ჩვენი მიზანია, ჩვენს მიერ შექმნილი ნივთებით მსოფლიოს გავაცნოთ ქართული და სხვა ქვეყნის საინტერესო კულტურები. ბრენდის სახელწოდებაც სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარეობს - Blue (ინგ.: ლურჯი) და ტაბლა (ძველ ქართულად: ხისაგან გაკეთებული ფეხებიანი, დაბალი მაგიდა). 


საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: წერეთლის გამზ. #140, თბილისი

ნომერი: 0322420842

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00), შაბათი (11:00-16:00) 

[email protected]