26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე

20 May 2024

 

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მრავალი მტრის სიბოროტე დაუძლევია. ამ სიბოროტეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და მკაცრი საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა. ეს სასტიკი რეჟიმი შეეხო ყველას: თავისუფალ მოსახლეობას, ქართველ პოეტებს, მწერლებს, ხელოვანებსა და სხვა, უბრალო მაცხოვრებლებსა თუ პატრიოტ საზოგადო მოღვაწეებს. სისტემა დევნიდა და კლავდა ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულ პროფესიულ თუ სხვა ტიპის საქმიანობას ეწეოდნენ და იბრძოდნენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, რომელიც არ ემსახურებოდა რუსეთის პოლიტიკურ განზრახვებს.  

საბჭოთა კავშირის მთავარი იარაღი თავისუფალი აზრისა და სიტყვის წინააღმდეგ იდეოლოგიური დევნა და შევიწროება იყო. ცენზურა ამის ყველაზე ცხადი მაგალითია. სახელმწიფო ორგანოებიდან მსგავსი პირდაპირი კონტროლის დროს, იზღუდებოდა ხელოვნება და კულტურა, იკარგებოდა ქართული იდენტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა ქართული ენის კონსტიტუციური უფლების დაკარგვა და სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადება. სწორედ აქ მიაღწიეს ქართველებმა მშვიდობიანი დემონსტრაციებით გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ, რომელი საბჭოთა ისტორიაშიც პირველი შემთხვევა იყო. საბჭოთა რეჟიმმა პირველად დაიხია უკან  მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ და დათმო ქართველი ხალხის წინაშე. 

ამ და სხვა პროტესტულმა ტალღამ მოამზადა საფუძველი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ხანგძლივი გზისკენ. სწორედ ამ წლებში გამოავლინეს ქართველებმა ის ისტორიული სიმტკიცე და ღირსება, რომელიც დღემდე თან მოვგდევს და რომლითაც ვიცავთ ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, მათ შორის თავისუფლებას. 

 

თავისუფლება ისე არ მოდის... 

 

საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დახსნისა და დამოუკიდებლობის მოპოვების პათოსის გაღვიძებაში დიდი წვლილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიუძღვის, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაისახა. წარსულიდან შემონახული იდეები, რომლებლისთვისაც ქართველი ხელოვანები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები იბრძოდნენ, ქართულ თანამედროვეობაში მუდამ დიდი ღირსებით ინახებოდა და დღემდეც ასე გრძელდება. 

1990 წელს არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა. საქართველომ თავი დააღწია რუსეთის მმართველობას და დაადგა თავისუფლებისკენ მიმავალ ღირსეულ გზას. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობას ეკითხებოდა: 

"თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" 

საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ამ კითხვას დადებითად უპასუხა. 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე ამ აქტის საფუძველზე საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. 

ეს დღე საქართველოს ისტორიაში მომავლის იმედის, თავისუფლებისა და ერთობის სიმბოლოდ ჩაიწერა. ეს დღემდე ასეა. 26 მაისს მთელი საქართველო აღნიშნავს ერთად. აღნიშნავს დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც საქართველო საუკუნეებია იბრძვის და უფრთხილდება; დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეყნისა და ერის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებს - თავისუფლებწინაპირობაა.