როგორ იქმნება ბლუტაბლას დიზაინი

02 აგვ 2023

როგორ იქმნება ბლუტაბლა

 

დიზაინი

 

ბლუტაბლას დიზაინი უკვე დიდი ხანია ერთი იდეით იქმნება - ეს იდეა მუდამ ქართული პათოსის გარშემო ტრიალებს. ჩვენს თითოეულ ნივთს ინდივიდუალური ისტორია გააჩნია, რომელიც ღრმა წარსულსა და აწმყოს აერთიანებს. მიზანიც ასეთივე აქვს - დააბრუნოს და კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეინარჩუნოს ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ღირებულებები ყოველდღიურობაში. დიზაინის შექმნა საინტერესო და შრომატევადი პროცესია, რომლის შესახებაც უფრო მეტს ამ ბლოგში მოგიყვებით.



ყოველი დიზაინის უკან იმალება შთაგონების პირველწყარო. მაგალითად, ლურჯი სუფრის ტრადიციული დიზაინი ჩვენი სუფრების მთავარი კოლექციის ინსპირაციად იქცა. რომელი ატრიბუტი შესაძლოა გამოხატავდეს ქართულ სტუმართმოყვარეობასა და ზოგად მსოფლმხედველობას უკეთ, თუ არა ლურჯი სუფრა? დიზაინის შექმნის პროცესში უძველესი დეკორატიული მოტივები ფუნდამენტური საფუძველი გახდა განსაზღვრულიყო კომპოზიციის უცვლელი იერსახე, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა თანამედროვე დეტალებმა. XVII საუკუნიდან შემონახული, დღემდე შემორჩენილი ლურჯი სუფრის აღდგენა ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო და სუფრების წარმოებაც სწორედ ამ ხაზით დაიწყო, რასაც შემდგომში კიდევ უფრო განსხვავებული შინაარსისა და ესთეტიკის მოდელები დაემატა.

ეტაპობრივად, ჩვენს აქსესუარებსა და სახლის ნივთებზე უნიკალური ქართული ანბანი და დამწერლობის უძველესი სახეობებიც გამოჩნდა. ადგილობრივად წარმოებული ხელნაკეთი და ფაიფურის ჭურჭლის ზედაპირზე დატანილია ბლუტაბლას მიერ შექმნილი მხედრული შრიფტი, რომელიც არსად არ მეორდება. ასევე, დიდი გავლენა იქონია ნიკო ფიროსმანის შემოქმედებამ, რომლის პერსონაჟებიც და სხვა გამოსახულებები გამოვსახეთ ჩვენს სუფრასა და ჭურჭელზე.



დიდი ინსპირაციის წყარო ხდება ადგილები, რომლებიც ქართული ცხოვრების სტილის შესახებ გვიყვება. მაგალითად, სუფრა „ქიმერიონის“ ფერთა პალიტრა შეიქმნა თბილისური არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მხატვრობების მიხედვით, რომლებიც შეასრულეს ქართველმა და მოწვეულმა მხატვრება, მათ შორის იყვნენ - დავით კაკაბაძე, სერგეი სუდეიკინი, ლადო გუდიაშვილი... ეს მხატვრობები განსაზღვრავდა „ქიმერიონის“ შინაარსს, რაც ჩვენ მიერ შექმნილი კომპოზიციის მთავარ შთაგონებად იქცა. სახასიათო ფერებითა და ორნამენტებით ვეცადეთ გამოგვესახა ქართული ყოფის თავისებურებები, რაც აგრეთვე, კაფე „ქიმერიონის“ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იყო.


„ქიმერიონის“ პარალელურად იქმნებოდა „ბროწეულების ბაღის“ კომპოზიცია. ჯერ კიდევ გრაფიკული ჩანატახის შექმნის პროცესში წამყვანი როლი დაიკავა ქართულმა ენდემურმა ფლორამ და მისმა ნაცნობმა ესთეტიკამ - კოლხური ბზა, კავკასიური ღვინა, ასკილი... ეს და სხვა ყვავილოვანი მცენარეები ალბათ, ბევრი ჩვენგანის საყვარელ კურორტთან, მშობლიურ მხარესთან ან უბრალოდ სახლის ეზოში გატარებულ მოგონებებთან ასოცირდება. მეტიც, თბილისის ან საქართველოს ნებისმიერი ქალაქის ქუჩებში რომ გაიარო, ამ ყვავილებს აუცილებლად შეამჩნევ გზების გადაღმა, აქა-იქ ამოსულ ბალახებს შორის. ამ დიზაინის შექმნის მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო - ეს მოგონებები და ბროწეულების ბაღის სითბო შენს სახლში ყველასთვის კარგად ნაცნობი და ნოსტალგიური ესთეტიკით - მხოლოდ ადგილობრივი ყვავილებითა და ბროწეულებით შემოგვეტანა.


გარდა ქართულისა, ჩვენს დიზაინში სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ელემენტებს აღმოაჩენ. მაგალითად, აღმოსავლური მანა ლურჯ სუფრაზე წინა საუკუნეებშიც გვხვდება. მას არა მხოლოდ ჩვენს სუფრებზე, აქსესუარებზეც იხილავ. ასევე, უკრაინული ტრადიციული ორნამენტები დატანილია სუფრა „ვიშივანკაზე.“ „ვიშივანკას“ კომპოზიცია სპეციალურად ბლუტაბლასთვის შეიქმნა უკრაინელი დიზაინერების დახმარებით.

ეს და სხვა მრავალი კომპოზიცია საბოლოოდ ჩვენს სახლის ნივთებსა და აქსესუარებზე ცოცხლდება. პროდუქცია იწარმოება საქართველოში: ნაწილი უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ნაწილი ხელით იხატება, იკერება, იფუთება და ასე ხვდება ჩვენი მაღაზიების თაროებზე. წარმოების პროცესი არანაკლებ საინტერესოდ წარიმართება, რაზეც შემდეგ ბლოგში კიდევ უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.