შეიძლება თქვენც გახსოვდეთ ხალიჩის რეცხვის რიტუალი - როგორ ირეცხებოდა ზაფხულობით ეზოში მთელი სამეზობლოს ხალიჩები, ბავშვებისთვის ნამდვილი წუწაობის დღესასწაული იყო, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთვებოდნენ საერთო ჟრიამულში. ხალიჩა ტრადიციული ნივთია, რომელიც თანამედროვეობაშიც არ კარგავს აქტუალობას და მოდური ინტერიერის ნაწილია. ყველა ტრადიციულ ნივთს თავისი ისტორია აქვს, გამონაკლისი არც ქართული ხალიჩაა.
ქართული ხალიჩის საწყისი
ქსოვის კულტურას საქართველოში დიდი ისტორია აქვს. აქ მრავალი საუკუნის წინ იყენებდნენ მცენარეულ საქსოვ ნედლეულს და მატყლს. ჰეროდიტეს „ისტორიაში“ არის ცნობა, რომ „მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამზადებდნენ სელს ერთნაირად“. ქსოვა-ქარგვის ტრადიციებზე არქეოლოგიური ძეგლებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ: ძვ.წ III ათასწლეულით დათარიღებული ძეგლები, სადაც ვერტიკალური დაზგები და საბეჭდი ფრაგმენტებია აღმოჩენილი ილტოს ნამოსახლარზე. ასევე მრავალი სახეობის სელის ქსოვილი, თექის და ფარდაგის ფრაგმენტია აღმოჩენილი ძვ.წ. XIX საუკუნის ბედენის სამარხში. ძველ საქართველოში ხელსაქმის განვითარებას ხელისუფლება უწყობდა ხელს, თვით თამარ მეფე იყო ხელსაქმით დაკავებული და თავის ნამუშევრებით გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
ხალიჩის დამზადების პროცესი
ხალიჩის წარმოება პირდაპირ კავშირშია მეცხვარეობის განვითარებასთან. მდიდარი მიწის, ნოყიერი საძოვრების დამსახურებით მეცხვარეობა წარმატებით განვითარდა, რამაც შემდგომში მეხალიჩეობის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.
რეგიონებში, რომლებშიც ხალიჩა იქსოვებოდა ცდილობდნენ, რომ ნაზი და გრძელბეწვიანი ცხვრის ჯიში გამოეყვანათ, რათა მათ მიერ დამზადებული ქსოვილი უფრო მბზინავი და ხარისხიანი ყოფილიყო. ხარისხიანი ხალიჩის მოქსოვისას მატყლის შერჩევას დიდი ყურადღება ექცეოდა, გაზაფხულზე ნაპარსი მატყლი უკეთესად ითვლებოდა, ამ დროს ცხვრის ბეწვი მეტად ფაფუკი იყო. ყველაზე ძვირფასი, მაღალი ხარისხის ხალიჩის მოსაქსოვად კი ბატკნის მატყლი გამოიყენებოდა. თუმცა მხოლოდ ნედლეულის ხარისხი არ იყო საკმარისი, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მატყლის გარეცხვას. ჯერ ცხელ წყალში ავლებდნენ, შემდეც ცივ წყალში რეცხავდნენ. ყველაზე კარგი შედეგი მატყლის თბილ, გამდინარე გოგირდიან წყალში გარეცხვას ჰქონდა. გაშრობის შემდეგ მოდიოდა მატყლის ჩეჩვა, რაც უფრო დიდ ხანს იჩეჩებოდა, მისგან მოქსოვილი ხალიჩა უფრო ძვირი ღირდა. შემდეგ სიგრძის მიხედვით ახარისხებდნენ და ძაფის დართვას იწყებდნენ ხელის სატრიალებელი ჯარით (იხილეთ სურათი). ძაფს ბუნებრივი საღებავებით ღებავდნენ და ხალიჩას სპეციალურ აკაზმაზე ქსოვდნენ.
მეხალიჩეობის გავლენა ეკონომიკაზე
საქართველო ცნობილი იყო ხალიჩების სატრანზიტო გზით, აღმოსავლეთში მოქსოვილი ხალიჩები თბილიისის გავლით ევროპაში ხვდებოდა. თბილისი ასევე განთქმული იყო ხალიჩა-ფარდაგების ბაზრით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხალიჩების თავმოყრა კი გავლენას ახდენდა მეხალიჩეობის განვითარებაზე.
ქართული ცხვრის ჯიში იმდენად კარგი იყო, რომ აქ წარმოებული მატყლი უცხოეთში გაჰქონდათ. განვითარებული იყო ხალიჩის ექპორტი, რის შესახებაც 1882-1914 წლების საექსპორტო სიებში ვკითხულობთ - საქართველოდან 23 000 ტონდა ხალიჩა იყო გატანილი. ამ დროისთვის ხალიჩის ფასი 5 მანეთი იყო, რაც დაახლოებით დღევანდელი 500 ლარია (ეს ნამდვილად მიუთითებს ხალიჩის ხარისხზე).
რისთვის გამოიყენებოდა ხალიჩა
ჩვენი წინაპრები ხალიჩებს სახლის მოსაწყობად და გასალამაზებლად იყენებდნენ, მაგრამ მას კიდევ უამრავი ფუნქცია ჰქონდა.
შუა საუკუნეებში ხალიჩას მეფედ კურთხევისას იყენებდნენ და დარბაზობის დროსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა. იმდენად ძვირფასი ნივთი იყო, რომ განძთსაცავში ინახავდნენ და ხალიჩების მომვლელის თანამდებობაც კი არსებობდა, რომელსაც „ნოხთა ფარეში“ ეწოდებოდა.
ხალიჩის ქსოვა ოჯახურ ტრადიციადაც იქცა, პატარძალი ან პატარძლის დედა ქსოვდა მზითევისთვის, რაც ერთგვარი რიტუალიც კი იყო. ასევე იქსოვებოდა საკუთარი მოხმარებისთვის და გასაყიდადაც. მთიან რეგიონებში მეოცე საუკუნის შუამდე ქსოვდნენ და იყენებდნენ ქართულ ხალიჩას, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი გაჭირვება დაიწყო, ხალხს გადასახადების გადახდა უჭირდა და ხშირად ამ გადასახადებს ხალიჩით იხდიდნენ. ხალიჩა არააუცილებელ ნივთებს განეკუთნებოდა, ამიტომ ფუფუნების საგნად გადაიქცა.
როგორი იყო ქართული ხალიჩის სტილი
ტრადიციულ ქართულ ხალიჩას თავშეკავებული კოლორიტი, გრაფიკულ-ხაზოვანი გამოსახულებები, კონტურული ხაზები, გეომეტრიული ორნამენტები, ნაზი და სადა ფერების შერწყმა ახასიათებს. მუქი ფერების შემთხვევაშიც ფერები ისეა შერჩეული, რომ ხალიჩა თვალს არ ჭრის და ნებისმიერ ინტერიერს უხდება.
XX საუკუნეში რუსეთიდან შემოსული ფართო მოხმარების საგნების დეკორის გავლენით ირღვევა ხალიჩის ტრადიციული სტილი. ამ სტილს არღვევს მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის ბარში მიგრაციაც. საბჭოთა კავშირის პერიოდში ტრადიციული, ინდივიდუაულური კოლორიტი ჩაანაცვლა სხვადასხვა წიგნიდან, ფერწერიდან, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნივთების შეფუთვებზე არსებულმა ნახატებმა. ამას დაემატა ინდუსტრიის განვითარება, ცვლილებები მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, რამაც ტრადიციული ქსოვის მცოდნეები აიძულა ქსოვა შეეწყვიტათ და მალე ხალიჩის ქსოვა ყველას დაავიწყდა. იყო ქარხანაში ხალიჩების მოქსოვის მცდელობები, მაგრამ ტრადიციული ორნამენტებით და სტილით აღარ იქსოვებოდა. წლების განმავლობაში მხოლოდ წმინდა გიორგის გამოსახულებიანი, სოციალისტური მოძრაობის სიმბოლოიანი და რამდენიმე ჭრელი ხალიჩის მოქსოვა მოხერხდა (იხილეთ სურათი). თუმცა მაშინდელმა „თანამედროვე“ ხალიჩამ ვერ გაიდგა ქართულ კულტურაში ფესვები, ბოლომდე ვერ განდევნა ტრადიციული ორნამენტი. ახლაც რომ შეხედოთ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოქსოვილ ხალიჩას, თქვენთვის არაესთეტიკური და არაბუნებრივი იქნება.