როგორ შევარჩიოთ სუფრა?

27 ივნ 2022
როგორ შევარჩიოთ სუფრა?

ალბათ სახლში ყველას გვაქვს სუფრა, სტადიონისხელა რომაა და მაგიდაზე მოსარგებად გვერდები უნდა ამოუკეცო, რომ სტუმრებმა ზედ ფეხები არ შემოალაგონ. ან ისეთი პაწიაა, გადააფარებ და კუთხეებში მაგიდის გვერდები რჩება გამოშვერილი საწყლად. როცა სუფრის ყიდვა გინდა, შენთვის, ან სასაჩუქრედ, დილემის წინაშე დგები – ხან მაგიდის ზომა არ გახსოვს, ან არ იცი, ხან უბრალოდ ვერ ხვდები, რომელი უფრო მოერგება/მოუხდება. ტვინი რომ არ იჭყლიტოთ, მცდარი არჩევანი არ გააკეთოთ და საკუთარ თავს, ან ახლობელს გამოუსადეგარი ნივთი არ აჩუქოთ, ამ რეკომენდაციებს გადახედეთ.       

ზომის შერჩევის მარტივი მეთოდი

ეს რჩევა იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ სუფრას საჩუქრად ყიდულობთ, ან მაგიდის გაზომვის საშუალება არ გაქვთ.

  • თუ მაგიდა ექვსკაციანია, სუფრის ზომა უნდა იყოს 210/140 სმ-ზე;
  • თუ მაგიდა ოთხკაციანია, იყიდეთ სუფრა, ზომით 140/140 სმ-ზე. 

თუ მაგიდა მრგვალია?

  • 140/140 სმ-ზე, ანუ კვადრატული სუფრა, შეგიძლიათ მოარგოთ მრგვალ მაგიდასაც. ხშირად ჰგონიათ, რომ თუ მაგიდა მრგვალია, სუფრაც აუცილებლად მრგვალი უნდა იყოს. ნურას უკაცრავად. კვადრატული ბევრად დახვეწილია. ამ ფორმის მთელი ხიბლი ისაა, რომ კვადრატული სუფრის დიაგონალი 2 მეტრია და გადაფარებისას გვერდებიდან გრძელი კუთხეები ლამაზად ეშვება ძირს. ამიტომ, თუ ესთეტიკურობაზე გაქვთ პრეტენზია, კვადრატულს მიანიჭეთ უპირატესობა.  

როცა მაგიდის ზომა იცით

  • გაზომეთ მაგიდა და დაამატეთ დაახლოებით 15-15 სანტიმეტრი ყოველ მხარეს;
  • თუ მაგიდას სტანდარტული ზომის სუფრას ვერ არგებთ, გამოიყენეთ ე.წ. „რანერები“, ან კვადრატული სუფრები, როგორც დიზაინის ელემენტი. ძალიან განიერ მაგიდას შეგიძლიათ რამდენიმე „რანერი“ მოარგოთ – სიგრძეზე გაშალოთ, ან სიგანეზე გადაფინოთ. ფანტაზიას თუ არ უჩივით, ორიგინალური კომბინაციების მოფიქრებაც არ გაგიჭირდებათ, მაგალითად თეთრი სუფრა შეგიძლიათ ფერადი კვადრატული „რანერით“ გამოაცოცხლოთ, ან რამდენიმე კვადრატული სუფრით გააფორმოთ. თქვენც დატკბებით და სტუმრებსაც აღმოხდებათ გაოცების შეძახილი.     

მასალა

ლურჯი სუფრის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ ბამბის, ან პოლიესტერის, ანუ ხელოვნური ბამბის ქსოვილი.

სიტყვა „პოლიესტერი“ ხშირად აშინებს მომხმარებელს – აქაოდა, ხელოვნურიაო. არადა, სრულიად უსამართლოდ. პოლიესტერი საკმაოდ პრაქტიკული ქსოვილია. არც დაუთოება სჭირდება და ლაქების ამოყვანაც ბევრად მარტივია. წითელი ღვინოც რომ დაგესხათ, გარეცხავთ და ჰოპ! ისევ ახალივითაა. თუ ლურჯ სუფრას შეიძენთ, ლაქების პრობლემა ისედაც მოხსნილი გექნებათ. თუ პოლიესტერის სიძულვილი ვერაფრით დაძლიეთ, მაშინ ბამბის ქსოვილის იყიდეთ და უფრო მშვიდად იქნებით. ბუნებრივი მასალის სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, ბევრი თვლის, რომ ბამბის ლურჯი სუფრა უფრო ლამაზია. თითქოს ფერი უკეთესადაა ქსოვილში გამჯდარი. ეს განსხვავება დიდად თვალშისაცემი არაა და მხოლოდ მაშინ შეამჩნევთ, თუ გამომძიებელივით ძალიან ახლოდან, დაკვირვებით და გულდასმით დაათვალიერებთ.

მოკლედ, მასალების საკითხი რომ შევაჯამოთ: თუ უთოს არ ემეგობრებით, პოლიესტერზე შეაჩერეთ არჩევანი. თუ ხელოვნურ ქსოვილს იწუნებთ, ბამბის შეიძინეთ. ორივე სუფრა კარგია. „ნიდოს“ სუფრები (პოლიესტერისაც და ბამბისაც) შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, 40-გრადუსიან რეჟიმზე.    

ლურჯი სუფრის ისტორია

ტრადიციული ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული, სახასიათო ატრიბუტი იყო დაქართული ტრადიციული ლურჯი სუფრა ფართოდ გამოიყენებოდა საზოგადოების ყველა ფენაში. როგორც მკვლევარები და ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგია საქართველოში, სავარაუდოდ, ირანიდან, ან ინდოეთიდან შემოვიდა. ტექნოლოგია საკმაოდ რთული იყო – გამოიყენებოდა ბუნებრივი ქსოვილი, ძირითადად, ბამბა და სელი, ხის საბეჭდი ფორმები, ცვილი და, რაც მთავარია, ინდიგო – საღებავი, რომელიც თეთრ ქსოვილს ლურჯად ღებავდა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მხოლოდ ლურჯი სუფრა დამკვიდრდა. ერთ-ერთი მოსაზრებით, ეს არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ ლურჯს შავი ღვინის ლაქა ნაკლებად ემჩნეოდა (ეს საკითხი ახლაც აქტუალურია).  

ლურჯი სუფრის მთავარი განმასხვავებელი დეკორატიული ელემენტებია – ორნამენტები, აღმოსავლური მანები, ქორბუდა ირმები, ჩიტები, თევზები, საყოფაცხოვრებო ნივთები, დანა-ჩანგალი, ადამიანები, მოცეკვავე ქალ-ვაჟები.   

ტრადიციულად, სუფრებში, დღემდე ლურჯი ფერი ლიდერობს, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად, სხვა ფერებიც ემატება და დიზაინიც მეტად მრავალფეროვანი ხდება. მაგალითად, „ბლუტაბლას“ კოლექციას სულ ახლახან შეემატა „ბაგრატიონი“– ბაგრატიონთა ოჯახში აღმოეჩენილი (XIX საუკუნე) მოსასხამის მიხედვით შექმნილი ულამაზესი სუფრა. ასევე, შეიქმნა XIV საუკუნის მოსასხამის მიხედვით აღდგენილი ელემენტებით გაფორმებული სუფრა - სახელად XIV საუკუნე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სუფრა „ახვლედიანი“ – ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში აღმოჩენილი სუფრა.

ლურჯი სუფრა ფეხს უწყობს თანამედროვეობას, თუმცა ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ უნიკალობას – ყველა სუფრაში და ზოგადად, „ბლუტაბლას“ ყველა ნაწარმში, ახალ სიცოცხლეს იძენს ძველი, ტრადიციული, საინტერესო დიზაინი.