თამარ მეფე

15 სექ 2022

ალბათ, ყველა ქართველმა ვიცით ლეგენდა ვარძიის სახელწოდების შესახებ და ისიც, რომ ეს თქმულება პირდაპირ კავშირშია საქართველოს პირველ ქალ მეფესთან - თამართან. საქართველოს ისტორიული აღორძინების პერიოდი - „ოქროს ხანაც“ დავით აღმაშენებლის შემდეგ სწორედ მისმა შვილიშვილმა - თამარმა განაგრძო. ასევე, გავრცელებული მოსაზრებით „ვეფხისტყაოსანი“ შოთა რუსთაველმა თამარს მიუძღვნა და მიართვა კიდეც, რითაც საკუთარი სიყვარული და ტრფობა გამოხატა. ისეთ ისტორიულ პირებზე, როგორიც თამარია, მრავალი ლეგენდა, მითი თუ ისტორიული ფაქტი არსებობს, რომელიც ხალხში ფესვს მყარად გაიდგამს ხოლმე და ჟამთა სვლა მას ვერაფერს აკლებს. ჯერ კიდევ XII საუკუნის ისტორიული ფაქტები თუ თქმულებები არა მხოლოდ მემატიანეების, არამედ ხალხის სულისკვეთებით შემონახული ღირებულებებია.

 

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“

 

გენდერული თანასწორობის ლაითმოტივები ქართულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ XII საუკუნის პოემაში, „ვეფხისტყაოსანში“ გაჟღერდა, რაც კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, თუ რატომ უსწრებდა შოთა რუსთაველი მის ჟამს და როგორ ატარებს მისი შემოქმედება დღევანდელი, თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალურ ღირებულებებს. თავად თამარის გამეფება და მართვის სტრატეგია გახდა სიმბოლო ქალის ძლიერებისა ქართულ ისტორიაში და არა მხოლოდ - 2017 წლის სტატიაში თამარი მსოფლიო მასშტაბით 6 ძლევამოსილ ქალს შორის მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ თამარის გამეფებას დიდი უკუკავშირი და წინააღმდეგობა მოჰყვა დიდგვაროვნების მხრიდან, მისი სწორი ხედვითა და მოქმედებით დაპირისპირება მალევე მინელდა და თამარიც შეუდგა ქვეყნის სწორი გზით განვითარებას.

XII საუკუნეში საქართველოს მთავარი მტერი მაჰმადიანური სამყარო იყო, რომელიც მეზობელ ტერიტორიებზე დომინირებდა. სწორედ ამ დაპირისპირებას მოჰყვა ბასიანისა და შამქორის ბრძოლა, რომლებშიც გამარჯვებითაც საქართველომ მსოფლიოს ასპარეზზე მისი ძლევამოსილი პოზიცია დააფიქსირა და მუსლიმანური სამყაროსგან დროებითი თავისუფლება მოიპოვა. ამ სიძლიერესა და დამოუკიდებლობასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ თამარი იყო ხალხის მეფე - ის მთავარ წყაროებში დახასიათებულია როგორც სამართლიანი, ლმობიერი და ქვეყნის, რიგითი მოსახლეობის მფარველი - თამარის განსაკუთრებულ სიახლოვეს უბრალო ადამიანებთან და მიმტევებლობის დიდ უნარს ბევრი ამჩნევდა და აღნიშნავდა. ამასთანავე, დიდი იყო მისი ჩართულობა ბრძოლებში - თამარი ჯარს წინ მიუძღვოდა და მათთვის ხალხთან ერთად ლოცულობდა. თამარის დროს აშენდა მრავალი ტაძარი, რომელიც დღემდე ღირშესანიშნაობად მიიჩნევა და მათგან ერთ-ერთი არის ვარძია.

 

„აქ ვარ, ძია!“

 

ვარძიის მშენებლობა თამარის მამამ, გიორგი III-მ XII საუკუნეში დაიწყო. შესაძლოა, რომ ვარძიამდე იმავე ადგილას კლდეში ნაკვეთი სამოსახლო არსებობდა, თუმცა ამის დამადასტურებელი ისტორიული ცნობები ან ფაქტები არ არსებობს. ამ ვარაუდის მიზეზს წარმოადგენს ანანაურის ეკლესია, რომელიც ვარძიის გამოქვაბულის კომპლექსში მდებარეობს. ლეგენდა ვარძიის სახელწოდების შესახებ, სადაც მთავარი მოქმედი პირი თამარია, ასევე ბადებს ეჭვს, რომ მისი ბავშვობის წლებში უკვე არსებობდა ძველი გამოქვაბული, რომელიც შესაძლოა სოფელი ანანაური ყოფილიყო.

თამარმა მამის დაწყებული საქმე განაგრძო და ვარძიის ციხე-ქალაქის შენება ბოლომდე მიიყვანა. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მთავარი იდეა იყო, რომ მტრის შემოსევებს მისთვის ვერაფერი დაეკლო. ასევე, საფრთხის დროს ქართველებისთვის ერთგვარი ქალაქისა და სალოცავის ფუნქცია შეეთავსებინა. თუმცა, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით სპარსელთა დარბევის დროს, ვარძია გაიძარცვა მრავალი ხატისა და სიმდიდრისგან. სამაგიეროდ, დროს შემორჩა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მისი კედლის მხატვრობები, რომლითაც უძველესი ისტორია არის მოყოლილი. ამ ფრესკებიდან ერთ-ერთია ახალგაზრდა თამარის გამოსახულება, რომელიც XII საუკუნის მიწურულით თარიღდება.

ფრესკაზე თამარ მეფე გიორგი III-სთან ერთად საზეიმო სამოსელითა და გვირგვინით არის წარმოდგენილი. მისი ტანისამოსი გაფორმებულია ძვირფასი ქვებით, მარგალიტებით. ტანისამოსი ადგილობრივი წარმოებისა უნდა ყოფილიყო, რადგანაც შეიმჩნევა ქართული ორნამენტებისთვის დამახასიათებელი დიზაინი და თავისებური მოხაზულობა. სწორედ ეს ტანისამოსი გახდა ინსპირაცია ბლუტაბლას აბრეშუმის შარფის - „თამარის“შესაქმნელად.