ნუმიზმატიკა - ჰობიდან დისციპლინამდე

12 ოქტ 2022

თუკი სხვადასხვა სოციალურ გვერდზე მეგობარმა მოგიწვია ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლის სახელწოდებაცაა - „ნუმიზმატიკა საქართველოში“, სულაც არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან საქართველოში ამ ჰობით, ვისთვის კი - საქმიანობით, ბევრი ადამიანია გატაცებული. რას მოიაზრებს ნუმიზმატიკა და რა განაპირობებს მის აქტუალურობას დღესდღეობით? თუ მოკლედ მიმოვიხილავთ მის შინაარსს, ადვილად მივხვდებით, რა კავშირშია იგი ისტორიის სიყვარულთან და როგორ შეიძლება იქცეს უბრალო ჰობი საკუთარი ინტერესებისა და პიროვნების გამოხატულებად.  

 

ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერების დამხმარე დისციპლინა 

 

ნუმიზმატიკა შესაძლოა განვიხილოთ დისციპლინად, რომელიც სწავლობს და აანალიზებს ადამიანების მიერ დაგროვებული კაპიტალის მოხმარებას, თუმცა, როგორც ისტორიკოსების დამხმარე სწავლება, ძირითადად იკვლევს განსხვავებული ტიპის მონეტებს, მედლებს, ორდენებს და ა.შ. როგორც ჰობს, საფუძველი დაედო შუა საუკუნეებიდან და დაახლოებით XIX საუკუნემდე შემოფარგლული იყო ინდივიდუალურ დონეზე მონეტების შეგროვებით, რაც ასევე მეტყველებდა საზოგადოების წევრების სოციალურ სტატუსზე. ჯერ კიდევ ახალ წელთაღრიცხვამდე ერთგვარ ნუმიზმატად გვევლინება რომის იმპერატორი - ოქტავიანე ავგუსტუსი, რომელიც დალაშქრული ტერიტორიებიდან შეგროვებული მონეტების კოლექციას ხან მომგებიანი მოლაპარაკებების დროს ცვლიდა, ხან კი საპატიო სტუმრებს მიართმევდა საჩუქრად. 

 

შუა საუკუნეებიდან ნუმიზმატიკის გავრცელების არეალი იზრდება და ვრცელდება ევროპულ საზოგადოებაში, იძენს მეტად ფართო მასშტაბებს. განსაკუთრებით დიდი ინტერესით სარგებლობდა მონეტები, რომლებზეც გამოსახული იყო მისივე წარმოშობის ეპოქისთვის დამახასიათებელი ორნამენტები - მეფეები, მითოლოგიური გმირები, ცხოველები თუ ფრინველები. აქედან გამომდინარე, ისტორიკოსებისთვის ეს მახასიათებლები დამხმარე მასალას წარმოადგენს, როგორც მორიგი ისტორიული არტეფაქტი. მონეტის ვიზუალით შესაძლოა განისაზღვროს თარიღი და ადგილი, მისი მოგზაურობის ისტორია, იმჟამინდელი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური ისტორია, ასევე მათი რელიგიური რწმენები. მონეტები განსაკუთრებული ფუფუნებაა არქეოლოგებისთვის, რომლებიც სწორედ მათი საშუალებით ადგენენ გათხრების დროს მიწის ფენების დათარიღებას. 

 

დროთა განმავლობაში ნუმიზმატიკაც განვითარდა, დაიხვეწა და კიდევ უფრო მეტად გავრცელდა. 1800 წლიდან ნუმიზმატები ქმნიან პირველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავდაპირველად ამერიკაში - შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 21-ე საუკუნეში კი, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მეტად მარტივია გახდე ნუმიზმატი და გქონდეს წვდომა მსოფლიოს მასშტაბის ინფორმაციაზე. 

 

ნუმიზმატიკა საქართველოში  

 

ალბათ ყველას გვსმენია ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ მონეტებზე, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იჭრება ყოველწლიურად და ქართველი ნუმიზმატების დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს კოლექციისთვის აუცილებელ დანამატს. ნუმიზმატის სტატუსის მოსაპოვებლად გარკვეული განმსაზღვრელი და აუცილებელი წესები არ არსებობს, თუმცა მეფე თამარისა და დავით IV-ის მონეტების კოლექციაში არსებობა დიდი ნაწილისთვის მაინც სასურველია. წლების განმავლობაში მსურველი ნუმიზმატების რიცხვი ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილ მონეტებზე ბევრად დიდი იყო, ამიტომაც შეიცვალა სტრატეგია და ქართველ ნუმიზმატებს ლიმიტირებული დროის განმავლობაში მიეცათ შანსი სასურველი მონეტა წინასწარ დაერეზერვებინათ.  

 

და მაინც, რატომ სარგებლობს წლების განმავლობაში ნუმიზმატიკა მსგავსი პოპულარობით? ეს შეიძლება რამოდენიმე არგუმენტით აიხსნას: 

  1. ნუმიზმატიკა საკმაოდ კარგი ინვესტიციაა. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო პროგრესულად იზრდება ისტორიული მონეტის თვითღირებულება. ბევრი თვლის, რომ მსგავსი სიმდიდრე საშვილიშვილოდ უნდა შემოინახოს და თაობიდან თაობას გადაეცეს.
  2. ასევე ნუმიზმატების დიდი წვლილით, თაობიდან თაობას გადაეცემა ისტორიული ღირებულებების მატარებელი საგანძურები. მრავლად არის შემთხვევა, როდესაც მონეტის ღირებულება და შინაარსი დროთა განმავლობაში იკარგება, სანამ მას ნუმიზმატი არ აღმოაჩენს და სათანადოდ შეისწავლის. შედეგად - იზრდება როგორც მონეტის შინაარსობრივი დატვირთვა და მნიშვნელობა, ასევე თვითღირებულება.
  3. ისტორიისადმი სიყვარულისა და ულევი ცნობისმოყვარეობის კარგი გამოხატულება სწორედ ნუმიზმატიკაა. თუ კი მოისურვებთ, რომ გახდეთ ნუმიზმატი, აუცილებლად უნდა სცეთ პატივი იმ კოლექციას, რომელსაც დროთა განმავლობაში, დიდი თმენის, ზოგჯერ კი იმედგაცრუების გადალახვის შედეგად მოიპოვებთ. თუმცა, აქ თქვენი მოვალეობები არ სრულდება. მონეტების პირვანდელი სახით შენახვა წლების განმავლობაში ადვილი საქმე სულაც არ არის, მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები - ოთახის ტემპერატურა, ადგილმდებარეობა, პერიოდულად დასუფთავება და სხვა მრავალი. 

 

სწორედ ამ არასრული მიზეზების ჩამონათვალით შესაძლოა აიხსნას ნუმიზმატიკის აქტუალობა. უბრალო ჰობითაც კი შესაძლებელია იმ ეროვნული საგანძურის შენახვა, რომელიც სამომავლოდ თაობებს გადაეცემა. თუ ფიქრობ, რომ კოლექციონერობისთვის დიდი რესურსი და კაპიტალური დაბანდებაა საჭირო, ძალიან ცდებით. 21-ე საუკუნეში, ეს ბევრად უფრო მარტივია, რადგანაც წვდომა გვაქვს უსასრულო რესურსზე - დამწყები ნუმიზმატებისთვის, ეს შესაძლოა იყოს როგორც სხვადასხვა სახის აუქციონები, ასევე ცნობილი ექსპერტების ბლოგები და სტატიები. მონეტების სამყაროს გასაცნობად კი შეგიძლიათ დაიხმარიოთ „ბლუტაბლას“ ერთგვარი გზამკვლევი - კოლექცია, რომელიც შედგება საქართველოს მეფეების მონეტებისა და კოლხურ სამარხებში აღმოჩენილი ვერცხლის ასლებისგან.