ჩვენთვის კოლექცია „თბილისი“ თავისი მნიშვნელობით იმიტომ გამოირჩევა, რომ ბლუტაბლას დაარსების დღიდან ამ იდეაზე მუდმივად გვეფიქრებოდა. შესაძლოა, იმიტომაც დავუთმეთ მას ამდენი დრო, რომ ზედმეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით.
„თბილისის“ შექმნა 1 წლის წინ გადაწყდა. მას შემდეგ, კონცეფცია მთელი წლის განმავლობაში იხატებოდა. ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორია ნარიყალადან ფილარმონიამდე დეტალურად ჩახატო ყველა ქუჩა, ყველა სახლი, ყველა სახურავი, ყოველი პატარა დეტალი...
ეს იყო თბილისით ცხოვრების და მისი ახლიდან შეყვარების, ყველა კუთხე-კუნჭულში ათასჯერ მისვლა-მოსვლის, თვალიერებისა და შემოწმების, ხატვისა და კიდევ უფრო მეტჯერ გადახატვის ერთი წელი.
ეს შრომა, საბოლოოდ, რეალურ პროდუქტად იქცა და დღეს დეტალურად დახატული „თბილისი“ ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილია სუფრის, ხალიჩისა და ფერადი შარფების სახით.
ამ პროდუქტში ჩავდეთ მთელი ჩვენი სიყვარული დედაქალაქისადმი და სიმბოლურიცაა, რომ კოლექციის გამხსნელი კამპანია სწორედ სიყვარულის დღის პერიოდში გაეშვა.
მთავარი ვიდეორგოლი და მისი მესიჯი ნამდვილად არ არის შემთხვევითი. ის ამ სიყვარულის ერთგვარი ახსნაა, რომელსაც ამ ქალაქში გაზრდილი და მასთან ერთად დაბერებული უსაყვარლესი ბაბუა ასრულებს.
კამპანიის მთავარი ვიდეორგოლი გადმოსცემს ისეთივე ხასიათს, როგორიც არის თავად თბილისი - არაერთგვაროვანი, გაჯერებული სევდანარევი სიხარულით, სიყვარულითა და მელანქოლიით.
დიახ, თბილისი სწორედ ასეთია - მთავარი პერსონაჟივით მოხუცი და ნახევრად დანგრეული, მაგრამ მისი შვილიშვილივით ძალზე ცოცხალი და ახალგაზრდული ენერგიით სავსე.
თბილისი არც ძველია და არც ახალი. არც მხოლოდ ისეთია და არც ასეთი. ამის წყალობით, ის თავისნაირია - მხოლოდ საკუთარ თავს ჰგავს.
ჩვენც სწორედ ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან და ამ პროდუქტს ვუძღვნით ყველას, ვისაც ჩვენთან ერთად უყვარს თბილისი.