როგორ შეიქმნა სუფრა "იმერეთი" ?

09 Jul 2024

 

ჩვენი საქართველოს რეგიონების კოლექციას კიდევ ერთი ახალი დიზაინი, „იმერეთი“ შეემატა. ახალი კომპოზიციით ჯერ-ჯერობით შევქმენით სუფრა და შარფი - სხვა სიახლეები ჯერ კიდევ წინ არის. გარდა ამისა, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით, სადაც სტუმრობა და ამ კოლექციის დათვალიერება თავად შეგიძლია მისამართზე - ვესტ პოინტი ქუთაისი (შარტავას #2).

სუფრა „იმერეთზე“ მუშაობა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. ბლოგში სწორედ ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპს გაგაცნობთ და დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ შევქმენით „იმერეთის“ ახალი დიზაინი.

 

ინსპირაცია

 

იმერეთის ღირშესანიშნაობებს ალბათ ყველანი კარგად ვიცნობთ. ჩვენი შთაგონების წყაროც სწორედ ეს ადგილები და ისტორიული ძეგლები იქცა. გარდა ამისა, გვინდოდა სუფრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ადგილებიც დაგვეტანა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცნობილია ადგილობრივი, თუ უცხო თვალისთვის. იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, შესაბამისად, ის სამუშაოდ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

სხვა კოლექციების მსგავსად, ამ კომპოზიაზეც გვინდოდა ქართული პოეზიისთვის საპატიო ადგილი დაგვეთმო. ქართველი კლასიკოსი მწერლების პოეზია და პროზა არა მხოლოდ შინაარსობრივად აღმოჩნდა იდეალური დიზაინისთვის, არამედ ჩაფიქრებული ემოციებიც ზუსტად გადმოსცა.