ქალები, რომლებმაც შეცვალეს ქართული ისტორია
8 მარტი ქალების საერთაშორისო დღეა. ეს დღესასწაული XX საუკუნის დასაწყისიდან აღინიშნება და შეიქმნა მიზნით, რომ ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერება საზოგადოებაში აქტიურად ამაღლებულიყო. წლების განმავლობაში ეს მიზანი შენარჩუნდა და საბედნიეროდ, დღესდღეობით, ამ კუთხით დიდი პროგრესი შეიმჩნევა. ეს დღესასწაული კიდევ უფრო მეტად გვახსენებს იმ ძალას, რაც ქალებს კოლექტიურად და ინდივიდუალურად გააჩნიათ. შესაბამისად, 8 მარტს დიდი მონდომებით ვცდილობთ, რომ საყვარელ ადამიანებს თავი განსაკუთრებულად, გამორჩეულად და დაფასებულად ვაგრძნობინოთ.
8 მარტს ასევე აღინიშნება ის მიღწევები, რომლითაც ქალებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეცვალეს ისტორია და დიდი წვლილი შეიტანეს ზოგადსაკაცობრიო პროგრესში. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ქართველ ისტორიულ ფიგურებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორია და შესაბამისად, დღევანდელი რეალობა შეცვალეს. ცხადია, ამ ბლოგში თითოეულს ვერ ვახსენებთ, რადგან, ქართულ ისტორიას თუ გადავხედავთ, მათი სია ძალიან გრძელია. თუმცა, შევეცდებით რამდენიმე გამოვარჩიოთ და ლაკონურად გადმოვცეთ მათი ღირშესანიშნავი ბიოგრაფიის შესახებ.
თამარ მეფე - „ოქროს ხანის“ სამკაული
ქართული ისტორია ძალიან მრავალფეროვანი და მრავლისმთქმელია. ამასთან ერთად, ხალხური თქმულებები თუ ლეგენდები კიდევ უფრო მეტს გვიყვებიან ჩვენი წარსულისა და ღირებულებების შესახებ, რომლებიც დღემდე თან მოგვსდევს. ფასეულ ისტორიულ ნარატივს თან ისეთი მრავალი თქმულება ახლავს, რაც კიდევ უფრო კარგად გადმოსცემს მოქმედი პირისა თუ ისტორიული ფიგურის თვისებებს, აღწერს მის შინაგან სამყაროს. სწორედ ასეთია მეფე თამარისა და ვარძიის თქმულება, რომელიც ბავშვობიდან თითოეულმა ქართველმა ზეპირად ვიცით. თამარის, როგორც ძლევამოსილი მეფის პორტრეტს, ისტორიული ფაქტები კარგად გადმოსცემს - პირველი ქალი მეფე, რომელმაც „ოქროს ხანა“ აჩუქა საქართველოს და ის საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთ წამყვან, ძლევამოსილ ქვეყნად აქცია. თუმცა, გარდა ისტორიული წყაროებისა, მეფე თამარზე ბევრი ლეგენდა და ხალხური თქმულება არსებობს. გავრცელებული მოსაზრებით, „ვეფხისტყაოსანში“ მეფე თინათინი სწორედ თამარ მეფის შთაგონებით შეიქმნა. ყოველი ისტორიული თუ ხალხური წყარო, რომელიც თამარ მეფის შესახებ მოგვითხრობს, მას აღწერს როგორც კეთილს, ბრძენს, ხალხის თანამოზიარსა და ძლიერს. ეს თვისებები ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაშია, ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ არის, რომ თამარ მეფე ქართულ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩაიწერა.
ქეთევან დედოფალი - რწმენისა და სიძლიერის სიმბოლო
ქეთევან დედოფალი ქართულ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და მტკიცე ფიგურად მოიაზრება. საქართველოს მტრის მრავალი შემოსევა მოუგერიებია, თუმცა, ხალხისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებზე, მათ შორის სარწმუნოებაზე უარი არასდროს უთქვამს. ამ ფაქტის ინდივიდუალური მაგალითი სწორედ ქეთევან დედოფალია, რომელმაც საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და მორალის მტკიცე ჯაჭვით შემოსილმა, საკუთარი თავი გასწირა, თანაც დიდი წამებითა და ტანჯვით. ის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე სწორედ იმ შინაგანი რწმენით იბრძოდა, რომელიც მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ და მომავალში, მათ მიერ ჩადენილი გმირობის შედეგად, უამრავი ადამიანის პერსონალურ გმირებად იქცევიან. მართლაც რომ, ქეთევან დედოფალი დღემდე რწმენისა და სიძლიერის ეროვნული სიმბოლოა.
მარიამ-მართა ბაგრატიონი - ბიზანტიის ქართველი დედოფალი
მარიამ-მართა ბაგრატიონი პირველი ქართველი დედოფალი იყო ბიზანტიის იმპერიაში. ბიზანტიის იმპერიას არ ჰქონდა დიდი მიმღებლობა სხვა ეროვნების მმართველის მიმართ, თუმცა, მარიამ-მართამ მისი სიბრძნითა და კეთილგანწყობით შეძლო ხალხის გულის მოგება, რაზეც ბიზანტიური ისტორიული წყაროებიც მიუთითებს. ის XI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან ქალად მოიაზრება. ის აქტიურად იყო ჩართული ბიზანტიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ახერხებდა იმასაც, რომ საქართველოს გაძლიერებაზე ეზრუნა - მის ძმისწულთან, დავით აღმაშენებელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაში მისი როლი საკმაოდ დიდი იყო, რომელსაც მარიამ-მართა თავადაც დაესწრო. მარიამ-მართამ ასევე დიდი როლი ითამაშა ერის კულტურულ განვითარებაში - სწორედ მისი რჩევით დააარსა დავით მეფემ სასწავლო აკადემიები და მოსწავლეებს უცხოეთში განათლების მიღების გზებიც გაუხსნა.
ეს და სხვა ქართველი ქალები, მათ შორის პოლიტიკური ფიგურები, ქმნიდნენ ქართულ ისტორიას და დღემდე შთააგონებენ ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით, კი მათ სამშობლოში - საქართველოში. სწორედ ეს ქალები, მათი ინდივიდუალური ისტორიები და თვისებები იქცნენ ჩვენი სხვადასხვა კოლექციის მთავარ შთაგონების წყაროდ.