XX საუკუნის თბილისი
XX საუკუნის დასაწყისი ქართული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო და გადამწყვეტი პერიოდი აღმოჩნდა. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რასაც მრავალი გარდამტეხი ისტორიული ფაქტი მოჰყვა. თბილისში იხსნება პირველი ქართული უნივერსიტეტი, პირველად დაარსდა ქართული თეატრი ქართული დასით, დაიდგა პირველი ქართული ოპერა, ქართული „ინტელიგენცია“ სამშობლოს უბრუნდება, სული ჩაედგა ქართულ მოდერნიზმს, „ცისფერყანწელები“ კი აქტიურად ეწეოდნენ საერო საქმეს - ცდილობდნენ საზოგადოება, კულტურა და ხელოვნება ეხსნათს იმ რუსული ნარჩენებისგან, რომლებიც გარშემო იყო მოდებული. საზოგადოების თავშეყრის ადგილები და მათი შინაარი საერთო ცნობიერების ამაღლებაში დიდ როლს თამაშობდა. სწორედ ასეთი დაწესებულება, კერძოდ, კი რესტორანი იყო სახელად „ანონა“. ქართველ მწერალთა საზოგადოებამ 1919 წელს „ანონა“ შეიძინა და გადაწყვიტა, აქ სხვა ტიპის კაფე გაეხსნა. ქართველ მწერალთა კავშირი ასევე XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და ამ კავშირის საბჭოს წევრები იყვნენ ისეთი გენიალური ქართველი მწერლები და პოეტები, როგორებიც არიან: პაოლო იაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ტიციან ტაბიძე, კოტე მაყაშვილი და სხვა. მათ მთავარ მიზნად დაისახეს ზოგადი სოციალური და ეროვნული მდგომარეობის გაუმჯობესება. ამავე მიზნით ჩაატარეს რამდენიმე ღონისძიება, რომელთაგანაც ერთ-ერთი კაფეს, „ანონას“ შესყიდვა და იქ მხატვრული კლუბის გახსნა იყო. "ანონას" სახელის შეცვლას დიდი დრო დაეთმო, რამდენიმე სხვადასხვა ვერსიიდან საბოლოოდ „ქიმერიონი“ შეირჩა (სახელწოდება შერჩეულია ვ.გაფრინდაშვილის ლექსიდან).
„ქიმერიონის“ კედლის მხატვრობა
კაფე „ქიმერიონი“ მდებარეობდა რუსთაველის თეატრის შენობაში, ქვედა სართულზე. პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ თავიდანვე რუს მხატვარს - სერგეი სუდეიკინს მიმართეს „ქიმერიონის“ მოსახატად. სერგეი სუდეიკინი, ტიციან ტაბიძის თქმით, „რუსეთის სამოქალაქო ომმა ჩამოიყვანა საქართველოში“ და თავად სერგეიც ასე აღწერს თბილისამდე გამოვლილ გზას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მან პეტერბურგი ჯერ კიდევ რევოლუციამდე დატოვა. მძიმე ავადმყოფობაში მყოფმა თავი საქართველოს მოაშურა. პირველი შეხვედრა შედგა პაოლო იაშვილთან და ტიციან ტაბიძესთან, რომლებმაც მხატვარში დიდი აღფრთოვანება გამოიწვიეს. თავად სუდეიკინიც დიდად მოსაწონი აღმოჩნდა ქართველი პოეტებისთვის და როგორც ტიციანი მის მოგონებებში იხსენებს, მისთვის „საქართველო პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის კავკასიაა“. მალევე, სუდეიკინი, ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე, ერთიანად შეუდგნენ კაფე „ქიმერიონის“ კედლების მოხატვას.
"ქიმერიონის" ორი კედელი თანაბრად გაინაწილეს სუდეიკინმა და გუდიაშვილმა. ამ კედელზე გამოსახული იყო სუდეიკინის ავტოპორტრეტი და მისივე ცოლი, ტიციან ტაბიძე, ნინა მაყაშვილი, ლადო გუდიაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, დავით კაკაბაძე, პაოლო იაშვილი ყანწებით ხელში და ესპანური მოსასხამით. „ქიმერიონის“ მხატვრობის ძირითადი ნაწილი სწორედ და დამსახურებულად ეკუთვნოდა სუდეიკინს, რომელმაც ამ ყველაფერში, თავისივე სურვილით, იმაზე მცირე გასამრჯელო აიღო, ვიდრე შეეძლო რომ აეღო. მისივე სიტყვებით, ამ საქმეს დიდი სიხარულით აკეთებდა. „ქიმერიონის“ ჩასასვლელის მარცხენა კედლის მხატვრობა, რომლის ძირითადი თემატიკაც ქართველი პოეტები იყვნენ, თავიდან ბოლომდე სუდეიკინმა შეასრულა. სამწუხაროდ, სუდეიკინის 4 ნახატი სრულად დაკარგულია „ქიმერიონის“ კედლების გადაღებვის შედეგად. გარდა თბილისური ცხოვრებისა, სუდეიკინის მხატვრობის წამყვანი თემატიკა თეატრია. ბალერინები, მისი პერსონაჟები, რომელთაგანაც უმრავლესობა თბილისის მაცხოვრებელია - იმდროინდელ თბილისურ რეალობასა და რეალურ სცენებს მხატვრულად და თეატრალური ელფერით გადმოსცემს.
რაც შეეხება მარჯვენა კედელს, მასზე ლადო გუდიაშვილმა იმუშავა. აქვე შესრულებული „სტეპკოს დუქანი“ გამოსახული იყო კაფეს ჩასავლელში, რაც ქმნიდა ილუზიას, რომ ნახატი და გარემო თითქოს ერთ სივრცეში აღიქმეოდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქიმერიონის“ მოხატვის სტრატეგია მეტად ნაფიქრი და დაგეგმილი იყო. ეს და სხვა დეტალები ამ ადგილს ბევრად დიდ მნიშვნელობასა და შინაარსს სძენდა, ვიდრე უბრალო თავშეყრის ადგილს შესაძლოა ჰქონოდა. აქ მოსული საზოგადოება ესთეტიურ ტკობასთან ერთად, ერთმანეთს უზიარებდა საერო საფიქრალს, ღირებულებებსა და ფილოსოფიურ ნააზრევებს. გუდიაშვილის „სტეპკოს დუქანიც“ ამავე ატმოსფეროს ქმნის და თითქოს ნიკო ფიროსმანის თბილისური ცხოვრების ამსახველ სცენებსაც გვახსენებს, რაც არაა გასაკვირი - გუდიაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი წამყვანი თემა, მსგავსად ნიკალასი, იყო თბილისური ცხოვრების წესი და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენები. „ქიმერიონის“ კედელზე მსგავსი შინაარსის ნახატიც ამკვიდრებდა სწორედ თბილისისთვის სახასიათო გარემოს, ემოციებსა და დეტალებს, რაც კაფეს კიდევ უფრო ჰმატებდა ქართულ ნიშას და თბილისის, მისი მოსახლეობისთვის ნაცნობ და საყვარელ ადგილად აქცევდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს დავით კაკაბაძის შემოქმედება და მისი გაწეული წვლილი „ქიმერიონის“ კედლების დამშვენებაში. სწორედ მას ეკუთვნის კაფეში ყველაზე განიერი ნახატი - „შემოქმედი და მუზა“. ნახატზე გამოსახულია ავტორის პორტრეტი და ქალის ფიგურა, რომელიც იხრება მხატვრისკენ. ნახატი ერთგვარად კედლის ოვალურ ფორმას მიჰყვება და მისგან ჩარჩოთია განცალკევებული. ნახატზე აღბეჭდილი პეიზაჟი არღვევს სიბრტყის აღქმის თავისებურებას და ქმნის მის განცალკევებულ განზომილებას, რაც კაკაბაძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია. ასევე პორტრეტული ჩანახატების სიმრავლით გამოირჩევა მისი შემოქმედება. ამ ნახატს ყველაფერი აქვს, რითაც დავით კაკაბაძემ თავისი მეტად ინდივიდუალური, განსხვავებული პერსონა - არტისტი შექმნა და დატოვა ქართულ ხელოვნებაში. გუდიაშვილისა არ იყოს, კაკაბაძის ეს შემოქმედებაც ერგება „ქიმერიონის“ შინაარსს, მის დანიშნულებას და ცდილობს ამ გარემოს მეტი ავთენტურობა შეჰმატოს, რასაც წარმატებულად ანხორციელებს კიდეც.
კაფეს კედლები მოხატეს სხვა არტისტებმაც - მოსე თოიძემ, ირაკლი თოიძემ, პოლონელმა მხატვარმა - სიგიზმუნდ ვალისევსკიმ. ეს ყოველივე მიანიშნებს იმაზე, რომ „ქიმერიონის“ რეალური დანიშნულება და შინაარსი თითოეულ მხატვარსა და დამფუძნებელს კარგად ჰქონდა გააზრებული. თითოეული შემოქმედება „ქიმერიონს“ განცალკევებეულ პერსონაჟს, თვისებებსა და დამახასიათებლებს უქმნიდა, რაც საერთო ჯამში ქართული თემატიკის გარშემო ერთიანდებოდა და სისტემურად გამართულ სივრცედ კრავდა, იმ ბოჰემურ განწყობას უქმნიდა, რომელსაც შემდგომში ამ სივრცეში მყოფი სტუმრები ამაღლებდნენ. „ქიმერიონის“ დანიშნულება და მისი ესთეტიური მხარე მიუთითებდა იმდროინდელი თბილისური ცხოვრების კულტურულ მრავალფეროვნებაზე, რისი განუყოფელი ნაწილიც ქართული ხელოვნება იყო. თბილისური არტისტური კაფეების ფუნქციონირებით აისახა მეოცე საუკუნის დასაწყისის ზოგადი ყოფა, სოციალური ხასიათი, ქვეყნის პოლიტიკური პოზიცია, კულტურისა და ხელოვნების თავისებურებები. სამწუხაროდ, „ქიმერიონის“ კედლები მრავალჯერ გადაიღება და მხატვრობების ნაწილი დაიკარგა, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მათი უმრავლესობა აღდგა.