ბედიის ბარძიმი

17 Nov 2022

X საუკუნის მიწურულს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. თავდაპირველად, მას ჰქონდა „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული, რის შემდეგაც, დიდი ბრძოლისა და სწორად გათვლილი სტრატეგიის შედეგად, გაერთიანებული საქართველოს პირველი მმართველი გახდა, რაშიც მისმა წარმომავლობამაც შეუწყო ხელი - მისი წინაპრები სამი, განცალკევებეული სამეფოს მმართველები იყვნენ.

სწორედ ამავე პერიოდში აშენდა ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომელიც იმ დროის საქართველოს დედაქალი იყო. გარდა საქართველოს ტერიტორიულ გაერთიანებაში უდიდესი წვლილის შეტანისა, ბაგრატ III-მ განავითარა ქართული ცხოვრების დონე და კულტურა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.

ამავე პერიოდში აშენდა მრავალი არქიტექტურული ნაგებობა, რომელთაგანაც უმრავლესობა სამონასტრო კომპლექსი და ტაძარი იყო. ერთ-ერთი ასეთია ბედიის მონასტერი, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ ბედიაში მდებარეობს და თარიღდება 999 წლით. მონასტრის კედლები გაფორმებული იყო უძველესი ასომთავრული წარწერებით, ფრესკებითა და ქართული ორნამენტებით. თავად ბაგრატ III დაკრძალულია ამავე ტაძარში. მისი შესწავლა ამ ეტაპზე შესაძლებელი არ არის, თუმცა რამდენიმე არტეფაქტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომელსაც ღირშესანიშნავი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიის გაცოცხლებაში. ამ ეტაპზე ბედიის მონასტრის მდგომარეობაზე დიდი ინფორმაცია ცნობილი არ არის. არსებობს ვარაუდი, რომ ფრესკების დიდი ნაწილი განადგურებულია.

ბედიის ტაძრის კედელზე არსებული ასომთავრული წარწერები შინაარსობრივად ერთმანეთის მსგავსია და ძირითადად გადმოსცემს მონასტრის აშენების პროცესს. რაც შეეხება ფრესკებს, შემორჩენილია ბაგრატ III-ის მოხატულობის ნაწილი, თუმცა დიდი ნაწილი დაზიანებულია.

ოქროს ბარძიმი


ჩვენამდე დაზიანებულ მდგომარეობაში მოაღწია 999 წლით დათარიღებულმა ოქროს ბარძიმმა. ბარძიმი თასის სტილის ჭურჭელია. ბარძიმის ქვედა ნაწილი დაკარგულია, თუმცა მისი უნიკალურობა მაინც შესამჩნევია. ეს ნიმუში ქართული ოქრომჭედლობის ღირშესანიშნაობებში განსაკუთრებულ ადგილს რამდენიმე მიზეზის გამო იკავებს. ბარძიმი მთლიანად ოქროსგან არის გამოჭედილი და გამოირჩევა დახვეწილი ორნამენტებით. თასზე გამოსახული ფიგურები არის რელიგიური დატვირთვის და უნდა უკავშირდებოდეს იმდროინდელ ქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს. თითოეულ ფიგურას დაუყვება ასომთავრული წარწერა, რომელიც მიანიშნებს თასზე გამოსახული წმინდანების ვინაობაზე. თასზე ფიგურები იმდენად დახვეწილად არის გამოკვეთილი, რომ მათი ჩაცმულობისა და სხვა დეტალების გარჩევა შესაძლებელია. თასის მოჩუქურთმებული ზედაპირი მისი დამზადების ტექნიკის სირთულესა და შესაბამისად, ინოვაციურობაზეც მეტყველებს, ამიტომაც ბედიის ბარძიმი თავისი დროის ოქრომჭედლობის ღირშესანიშნავი მაგალითია.

ბლუტაბლას ფაიფურის ჭურჭელზე, ბარძიმზე დატანილ გრავიურასთან ერთად, გამოსახულია ასომთავრული წარწერა, რომელიც მისი ტაძრისთვის შეწირვის ისტორიას გვიყვება - „წმინდაო ღმრთიმშობელო მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა; ამის ბარძიმისა შემწირველთა, ამის საკურთხევლისა შემამკობელთა და ამის წმიდისა საყდრისა აღმშენებელთა. ამინ“.