თუთის ხის მეტამორფოზა

20 Jul 2022
აბრეშუმი

თუ თბილისის ქუჩებში ხშირად გადაადგილდებით, აუცილებლად შეგაწუხებდათ ის ფაქტი, რომ ქალაქში ბევრი თუთის ხეა დარგული. ფეხით მოსიარულენი ლამის ასკინკილით დავხტივართ, რომ თუთის ნაყოფით არ გავჭუჭყიანდეთ, იმაზე ფიქრიც კი გვიწვევს, რომ ზემოდან არ დაგვეცეს. ყველას გაგვჩენია კითხვა „რისთვის დარგეს თუთის ხეები ქალაქში?“, „საერთოდ რამე სარგებლობა თუ მოაქვს ამ ხეს?“. 

თუთის ხე

შეიძლება იცით, მაგრამ არ დაფიქრებულხართ - აბრეშუმი არ იარსებებდა, რომ არა თუთა. თუთა საქართველოში უძველესი დროიდანაა მოშენებული (მის სამშობლოდ ჩინეთია მიჩნეული). გარდა იმისა, რომ მისი ფოთლებით აბრეშუმის ჭიას კვებავენ, ნაყოფიდან სხვადასხვა საკვები პროდუქტი და არაყი მზადდება, ხოლო მერქანი სადურგლო და სახარატო საქმისთვის გამოიყენება. ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს და დანერგეს თუთის ქართული მაღალპროდუქტიული ჯიშები, ერთ-ერთს სახელად „თბილისური“ ჰქვია. ეს სელექციური ჯიში დაკვირვებისთვის და წარმოებისთვის დედაქალაქში დიდი რაოდენობით დარგეს.

აბრეშუმის ჭია და მისი მეტამორფოზააბრეშუმის პეპელა

თავიდან არის კვერცხი (გრენა), მისგან იჩეკება მუხლუხო, რომელსაც აბრეშუმის ჭიას ვეძახით, შემდეგ ჭუპრი და ბოლოს პეპელა. ჭია გამოჩეკიდან პირველივე წამებში იწყებს ჭამას, საკვებს აბრეშუმის გამოსახვევად. ჭია მიდის  პარკის გადასახვევად, პარკის მოხვევის პერიოდი 3 დღე გრძელდება და დასასრულ ჭუპრად გადაიქცევა. აგროვებს. აბრეშუმის ჭიის ჭუპრად გადაქცევა მისი მეტამოფრფოზაა, ამით თითქოს თავის „აქტიურ“ არსებობას ასრულებს, რადგან შემდგომ ეტაპბე ვეღარ იკვებება და პეპლად გადაქცეული ვერც კი დაფრინავს, მხოლოდ გამრავლება შეუძლია, გამრავლების შემდეგ კი მალევე კვდება.

აბრეშუმის ჭიაზე ზრუნვა

აბრეშუმის ჭიის მოვლა საკმაოდ რთული პროცესია და ამისთვის სპეციალური ინკუბატორებია საჭირო. მასზე ჩვილივით ზრუნავენ, დაჭრილ ფოთლებს აძლევენ, დასაწყისში ჭიის გამოკვება დღე-ღამეში 12-ჯერ არის საჭირო, აქედან 2-4 კვება ღამით უწევს. ასაკის მატებასთან ერთად კვების რაოდენობა მცირდება, ულუფა კი იზრდება. თუთის ფოთოლი ახალი მოკრეფილი უნდა იყოს, ამიტომ საღამოობით კრეფდნენ და მომდევნო დღეს აჭმევდნენ. მუდმივად საჭიროა იმ სივრცის დასუფთავება, სადაც აბრეშუმის ჭიაა მოთავსებული. ასევე საყურადღებოა ფოთლის მდგომარეობა, რადგან დაბინძურებული და დაავადებული ფოთოლი აბრეშუმის ჭიის სიკვდილს იწვევს.

აბრეშუმის წარმოების ისტორია

საქართველოში აბრეშუმს უძველესი დროიდან აწარმოებდნენ. XIX საუკუნემდე აბრეშუმის ძაფს შინამრეწველურად ახვევდნენ, რთავდნენ და ქსოვდნენ. ამოსახვევად გადარჩეულ პარკს მზეზე გამოაშრობდნენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ მდუღარეში ჩაყრიდნენ და ძაფს სპეციალური ხელსაწყოთი ახვევდნენ. ამ ხელსაწყოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელი ერქვა: სამეგრელოში -აბრეშუმის მუზეუმი „ელართაშე“, „ოგიდაშე“, გურიაში - „ოგვადო“, იმერეთში - „სამუხველი“, კახეთში კი სპეციალურ ჯარას „მანჯანიკს“ იყენებდნენ. ძაფის დახვევას დიდი სიფრთხილე სჭირდებოდა რომ არ გაწყვეტილიყო, ხოლო უკეთესი ხარისხის მისაღწევად თითისტარზე რამდენჯერმე ახვევდნენ, დაახლოებით 4-ჯერ ვარცხნიდნენ. ძაფის მომზადების შემდეგ საქსოვი მოწყობილობით ქსოვდნენ თავსაფრებს, წინდებს, ქისებს, ხელთათმანებს, ბადეებს, ტანსაცმელსა და სხვ.

XIX საუკუნეში იტალიელმა მეცნიერმა ბატალიმ შექმნა მექანიკური აბრეშუმის სახვევი დაზგა, რომელიც მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. საქართველოში საწარმოები გაიხსნა, გაიზარდა აბრეშუმის ნედლეულის წარმოება და ექსპორტი. თბილისი კავკასიაში აბრეშუმის წარმოების ცენტრად იქცა. დღევანდელი აბრეშუმის მუზეუმი მაშინ საწარმო იყო.

სამწუხაროდ 1964 წლიდან მეაბრეშუმეობის კრიზისი დაიწყო, რადგან აზიიდან თუთის ხის დაავადება გავრცელდა და უამრავი თუთის ხე გაანადგურა.

აბრეშუმიაბრეშუმის საქსოვი დაზგა

აბრეშუმს ძველ ქართულად ჭიჭნაური ჰქვია. აბრეშუმის ძაფი ჭიმვადია, მაგარია და ელექტროიზოლატორიცაა, ამიტომ ქსოვის გარდა მედიცინაშიც იყენებენ როგორც ქირურგიულ ძაფს, ტექნიკაში კი საიზოლაციო მასალად. ნატურალური აბრეშუმი, როგორც ქსოვილი ძალიან ნაზია და საკმაოდ რთულად იჭმუჭნება.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აბრეშუმის წარმოება გამარტივდა, თუმცა თუთის ფოთოლი კვლავ შეუცვლელ ინგრედიენტად, ხოლო აბრეშუმი ერთ-ერთ უძვირფასეს ქსოვილად რჩება.