ლურჯი სუფრის ისტორია

01 Jan 2023


საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებაში დაგროვილი ცოდნა და ცხოვრების სტილი სხვადასხვა გზით გადმოიცემა - ეს შეიძლება იყოს ლიტერატურა, კინო, მუსიკა, არქიტექტურული ძეგლი და ა.შ. დიდია ალბათობა, რომ მსგავს მაგალითებს ყოველდღიურობაში ხშირად ვაწყდებით, თუმცა იმდენად მიჩვეულები ვართ მათ არსებობას, რომ ყოველთვის სრულყოფილად ვერ აღვიქვამთ ან/და მათ რეალურ მნიშვნელობას ვერ ვიაზრებთ. სინამდვილეში, ყოველი ნივთი გარკვეულ ისტორიას ყვება და მის უკან, აისბერგივით, ღრმა შინაარსი იმალება. ამის ძალიან კარგი მაგალითია ტრადიციული ლურჯი სუფრა. შესაძლოა მის ზოგად შინაარსს ვიაზრებთ და ვიზუალურადაც მოგვწონს, თუმცა მისი ორნამენტების საწყისებსა და სიმბოლურ მნიშვნელობაზე ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, როდესაც ამ დეკორატიული აქსესუარის შექმნასა და გამოყენებას მეტად საინტერესო ისტორია აქვს. ეს ბლოგიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ უფრო დეტალურად გაგაცნოთ ლურჯი სუფრა და მისი ხანგრძლივი ისტორია.

 

დამზადების ტექნოლოგია

 

ლურჯი სუფრა XVIII საუკუნიდან აქტიურად გამოიყენება, უფრო მეტად საქართველოს აღმოსავლეთ მხარესა და დიდ ქალაქებში, სადაც ასევე ისინი იწარმოებოდა. დამზადების ტექნოლოგია აზიიდან შემოვიდა და მხოლოდ ლურჯ სუფრაზე ვრცელდებოდა - მეტწილად ბამბის ქსოვილი იღებებოდა მუქი ლურჯი საღებავით, რომელსაც ინდიგო ერქვა. ბამბის ქსოვილზე ფერი მეტად მკაფიოდ და მარტივად ჯდებოდა. საინტერესოა ასევე ფაქტი, რომ სუფრის მუქი ტონალობით შეღებვა გამომდინარეობა ქართული სუფრის წესებისა და ღვინის სმის ტრადიციებიდან - მუქი ლურჯი ფერი მარტივად იტანდა ღვინის დაქცეულ ლაქებს და მეტად პრაქტიკულად გამოსაყენებელიც იყო. ლურჯი სუფრა საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში, ყველა ოჯახში ინახებოდა და ძირითადად დღესასწაულებისთვის და გამოიყენებოდა. ეს ტრადიცია დღემდეც შემონახულია, როდესაც რაიმე განსაკუთრებულსა და ჩვენთვის ძვირფასს დღესასწაულებისთვის ვინახავთ, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეებს გამორჩეული ნივთებით შევხვდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი სუფრა XVIII საუკუნიდან გამოიყენება და ჩვენი კულტურის ნაწილია, დიდი შანსი იყო მისი დაკარგვისა და მივიწყების, როგორც გამოიარა ეს ეტაპები სხვა კულტურულმა ძეგლებმა. თუმცა, საბედნიეროდ, მოხდა ლურჯი სუფრის ხელახალი შესწავლა და მეტიც - აღდგენა, ყოველდღიურობაში დაბრუნება და გამოყენება. დღესდღეობით, მისი ორიგინალი ვერსიები მუზეუმებშიც არის დაცული, რესტავრირებული და დიზაინიც - აღდგენილი. ამ ექსპონატებზე გვხვდება სახასიათო გამოსახულებები - თევზები, დანა-ჩანგალი, ფურ-ირემი... 

 

სიმბოლური დატვირთვა

 

ლურჯი სუფრის ტრადიციული მოდელები იღებებოდა ლურჯისა და თეთრი ფერის კომბინაციით. მათზე დატანილი ორნამენტებიც ერთი ტიპისაა და ხშირად განმეორებადია. დიდი სიხშირით გვხვდება ცხოველების, ფრინველების, მცენარეებისა და ტრადიციულ ტანისამოსში გამოწყობილი ქალ-ვაჟების გამოსახულებები. ასევე ხშირია აღმოსავლური მანა, რომელიც წარმოშობით სპარსულია და საქართველოშიც აღმოსავლური კულტურის ზეგავლენით გავრცელდა. რადგან ერთგვარი ტენდენცია შეიმჩნევა ლურჯი სუფრის დიზაინზე ორნამენტების განმეორების, სავარაუდოა, რომ ეს შემთხვევითი სულაც არ არის და მათ უკან უფრო ღრმა შინაარსი და უძველესი წეს-ჩვეულებები, ხალხის ზოგადი მსოფლმხედველობა იმალება.

ლურჯი სუფრის ტრადიციულ ნიმუშებზე ხშირად ვაწყდებით ცხოველებისა და ფრინველების ფიგურებს, მაგალითად, ირემი საკმაოდ გავრცელებული მოტივია. მისი გამოსახულება, გარდა ლურჯი სუფრისა, გვხვდება ანტიკური დროის სამკაულებსა და ნაკეთობებზე. ძველი წარმართული წარმოდგენებით ეს ფიგურა კავშირშია სიცოცხლესთან, რწმენასა და ცოდნასთან. ჩიტის გამოსახულება ასევე სიცოცხლეს უკავშირდება, მათ შორის ქართულ მითოლოგიაშიც. თევზის ფიგურა კავშირშია რელიგიურ, ხალხურ რწმენა-წარმოდგენებთან და აქვს საკრალური მნიშვნელობა, ამიტომაც ის ლურჯ სუფრაზე ხშირად გვხვდება და განსაკუთრებული დატვირთვით გამოირჩევა. მსგავსი დატვირთვა აქვს გეომეტრიულ ფიგურებსაც, როგორიცაა ჯვარი, რომბი, წრე, ბორჯღალო. ეს მოტივები გავრცელებული იყო მაღალმთიან რეგიონებში, დამახასიათებელია ხევსურული პატერნისთვის, გვხვდება ქართული ხალიჩების დიზაინზეც, რომლებიც ასევე მუზეუმშია დაცული.

ასევე გავრცელებულია ქალ-ვაჟების ფიგურები, რომლებიც გამოწყობილები არიან იმავე ეპოქის შესაბამისად. ხშირია ნადირობის სცენებიც, რომლებიც ასევე სხვა არქეოლოგიურ წყაროებშიც გვხვდება და ჩვენთვის უცნობი არაა. შედარებით მოგვიანებით, XX საუკუნეში, სუფრებზე გაჩნდა დანა-ჩანგლის გამოსახულება. სავარაუდოა, რომ ის სიმბოლურად სუფრის ფუნქციებზე მიუთითებდა.

გამომდინარე ლურჯი სუფრის ხანგრძლივი განვითარების ისტორიისა და შესაბამისი კულტურული დატვირთვა/ღირებულებიდან, იუნესკომ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

 

ბლუტაბლას კოლექცია

 

ბლუტაბლას სწორედ ტრადიციული ლურჯი სუფრის დიზაინის აღდგენით დაიწყო, რომლის შთაგონებითაც შეიქმნა რამდენიმე მოდელი - „კალა“, „ახვლედიანი“, „მეიდანი“. გარდა ამისა, ანალოგიური დიზაინით შეიქმნა რანერებიც, რომლებიც XIX საუკუნეშიც საკმაოდ აქტიური იყო და განკუთვნილია არასტანდარტული მაგიდისთვის. განსხვავებით ძველი ნიმუშებისა, ბლუტაბლას აქვს ისეთი მოდელებიც, რომლებიც დიზაინით ტრადიციულია, თუმცა ფერით განახლებული - ფირუზისფერი, წითელი, თეთრი, მწვანე, ნაცრისფერი და ცისფერი სუფრები. ლურჯი სუფრის ტრადიციული დიზაინით შექმნილია სხვა აქსესუარები (შარფები, საათები, ჰალსტუხები) და ფაიფურის ჭურჭელიც.