ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, როგორც ქართული კულტურის სარკე

10 Mar 2023

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს თუ ეწვევი, ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, თითქოს ქართული კულტურა და ხელოვნება შენ თვალწინ ერთიანად არის გადაშლილი. ამ განცდას განსაკუთრებით გაგიმძაფრებს ქართველი თვითნასწავლი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის უკვდავი შემოქმედება. არტისტის ნახატები ასახავს ქართულ ისტორიას, შემორჩენილ ტრადიციებს და იმდროინდელი თბილისის ცხოვრების სტილს, რაც მაყურებლის თვალისა და გონისთვის ფუფუნების წყაროა - ორივეს ერთად მოიცავს და ატკბობს. ფიროსმანის შემოქმედება ხასიათდება იმ განსაკუთრებული სისადავით, სიმარტივითა და, ამავე დროს, თითქოს პარადოქსული მრავალფეროვნებით, რომელიც ყველა სხვა ექსპონატისგან თვალს მოგაწყვეტინებს და, შენდა გაუცნობიერებლად, საათებს მათ ცქერაში გაგატარებინებს.

ცნობილი გამოთქმა - „სიკვდილის შემდეგ დაფასდა“, ალბათ, ყველაზე მეტად ნიკო ფიროსმანის მოღვაწეობას შეეფერება. სწორედ ამავე მიზეზით, მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მათი უმეტესობა მხატვრის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ მოიძებნა და გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენთვის, უბრალო აუდიტორიისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან საგანს, ალბათ, უფრო ფიროსმანის შემოქმედება წარმოადგენს - გვაინტერესებს მისი ნამუშევრების შექმნის ტექნიკა, თითოეულის უკან დამალული იდეა თუ ინსპირაციის წყარო. ამიტომაც, ამ სტატიაში განვიხილავთ მხატვრის გამორჩეულ ილუსტრაციებს და მათი დახასიათებისთვის აუცილებელ ასპექტებს.

 

ფიროსმანის პერსონაჟები

 

ირემი

პირველი ქართველი ანიმალისტის შემოქმედებაში ხშირად ვაწყდებით ცხოველების გამოსახულებებს - „შავი ტახი“, „თეთრი დათვი ბელებით“, „ჟირაფი“ - რომელიც ავტორს თვალითაც კი არ ჰყავდა ნანახი და გაზეთში დაბეჭდილი ილუსტრაციის ზეგავლენით დახატა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია 1913 წლით დათარიღებული „ირემი“. ავთენტურ წყაროთა სიმცირის გამო ფიროსმანის მოღვაწეობისა და შემოქმედების ქრონოლოგიის ზუსტი თარიღები უცნობია. ნახატში „ირემი“ განსაკუთრებით იკვეთება ის უბრალოება და სიმარტივე, რომელიც ფიროსმანის შემოქმედებას ასე ცალსახად ახასიათებს - მისი ერთგვარი ნიშაც კია. ნიკოს ჰქონდა უნარი, ნიჭი, უბრალო ცხოველის გამოსახულება ექცია მის შინაარსზე ბევრად მეტყველად, დასამახსოვრებლად, რაც ბადებს ემოციურ კავშირს აუდიტორიასთან. ამიტომაც, მაყურებლისთვის „ირემი“ შესაძლოა აღქმულ იყოს როგორც არა მხოლოდ ჩვენთვის კარგად ნაცნობი გარეული ცხოველი, არამედ ისევე გრძნობებით აღსავსე და მრავლისმთქმელი ფიგურა, როგორიც ადამიანია, პიროვნება, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი.

 

მარგარიტა

ფიროსმანის კიდევ ერთი შედევრი, სახელწოდებით „მარგარიტა“, ბევრის ვარაუდით, მიეძღვნა ფრანგ მსახიობსა და მომღერალს - მარგარიტა დე სევრს. გადმოცემის თანახმად, ის ნიკო ფიროსმანის ერთადერთი ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული იყო. მათ ურთიერთობაზე მრავალი ისტორია მოგვეპოვება, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, არის თუ არა ისინი ავთენტური. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ერთი ურემი წითელი ვარდის ლეგენდაც სწორედ მარგარიტას უკავშირდება. ამ ნარატივს უპირისპირდება ბევრი მკვლევარი და, მათი მტკიცებით, შესაძლოა, ნიკო ფრანგ არტისტს არც არასდროს შეხვედრია და, მითუმეტეს, არსებული თუ გამოგონილი გრძნობები არ გაუმხელია. მათი კიდევ ერთი არგუმენტი მიანიშნებს მარგარიტას პორტრეტის შესრულების ტექნიკაზე, რომლის პირველწყაროც შესაძლოა გაზეთში არსებული აფიშა ყოფილიყო. ორივე შემთხვევაში, „მარგარიტა“, ირიბად თუ პირდაპირ, მაყურებლისთვის ნიკოს შინაგან სამყაროსთან და გენიალურ ხედვასთან ასოცირდება - ჩვენში ისეთივე სიყვარულს, ზოგჯერ კი დარდს იწვევს, როგორსაც თავად ნახატი გადმოსცემს. „მარგარიტა“ იმდენად ცნობილი კომპოზიცია გახდა, რომ მისი სილუეტიც კი საკმარისია სრული სურათი დაგვიდგეს თვალწინ. ბევრის თქმით, თავად მარგარიტა დე სევრმაც არაერთხელ იხილა იგი სხვადასხა გამოფენაზე.

 

მეეზოვე

„ირემს“, „მარგარიტასა“ და ნიკოს სხვა ნახატებსაც თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ ტენდენციას, რომ ავტორი ყურადღების ცენტრში მთავარ მოქმედ გმირს აქცევს. ამის კარგი მაგალითია „მეეზოვე“, სადაც პერსონაჟი მაყურებლის წინაშე წარსდგება ცარიელ სივრცეში, დაცლილი ყოველგვარი გარემო საგნისა თუ პირობისგან. ეს მოცემულობა ქმნის მჭიდრო კავშირს უშუალოდ „მეეზოვეს“, როგორც მარტო, განცალკევებულ პირად მყოფსა და მაყურებელს შორის. მეეზოვეს პიროვნება გამოკვეთილია მუქი (შავი, ნაცრისფერი) და ნათელი (თეთრი) ფერების კომბინაციით. მართალია, ვერ ვიგებთ, თუ რა გარემოშია მეეზოვე წარმოდგენილი, რამდენი წლისაა, რა მისწრაფებები აქვს ან რომელ ეპოქაში მოღვაწეობს, თუმცა, ავტორის ოსტატობით მის თვალებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ მის მიერ განვლილი ცხოვრების ხანგრძლივი თავგადასავალი. არსებული გადმოცემის თანახმად, მეეზოვის უკანაც დგას რეალური პიროვნება, რომელიც ნიკოს მისი ცხოვრების მძიმე წუთებში დაეხმარა და შეიფარა, ამიტომაც მხატვრისთვის განსაკუთრებულ ფიგურად იქცა და მის შემოქმედებაშიც გამორჩეული ადგილი დაიკავა.

 

ეპოქის დასასრული


ნიკო ფიროსმანის საფლავი, სიკვდილის ზუსტი მიზეზი და თარიღი სამწუხაროდ უცნობია. მხატვარს ცოლ-შვილი არ ყავდა, ახლობლების გადმოცემით კი სიღატაკითა და მარტოსულობით დაასრულა სიცოცხლე, მისი ერთადერთი თავშესაფარი მხატვრობა იყო. მისმა ნამუშევრებმა წლების შემდეგ მსოფლიო მოიარა და ისეთი არტისტების ნახატებთან ერთად გამოიფინა, როგორიც ვან გოგია. 1969 წელს რეჟისორმა - გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი, სახელწოდებით „ფიროსმანი“, სადაც მხატვრის ბურუსით მოცული ცხოვრების ისტორია ტრაგიკულადაა ინტერპიტირებული. 1972 წელს პიკასოს პორტრეტი მიეძღვნა ნიკოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი შემოქმედი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია, თხრობით გადმოცემულმა ფიროსმანის ცხოვრებამ და მისმა ნამუშევრებმა ესპანელ მხატვარზე დიდი გავლენა იქონია. 1995 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ჩაუშვა მონეტა ფიროსმანის „ხარ-ირემის“ გამოსახულებით. დღესდღეობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანის შემოქმედების დიდი ნაწილი, რამაც ჩვენამდე მოაღწია და ქვეყნის საზღვრების შიგნით დარჩა.

ფიროსმანის ილუსტრაციებმა და პერსონაჟებმა წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში. წლების შემდეგ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიროსმანის სახელი უკვდავია - ის სამარადჟამოდ გადაეცემა თაობიდან თაობას. სწორედ ეს პერსონაჟები გავაცოცხლეთ ჩვენს სუფრებსა და ხელნაკეთ ჭურჭელზე, რომლებიც ბლუტაბლას ვებგვერდზე შეგიძლია დაათვალიერო.