რთველის ტრადიცია

01 Sep 2023

შემოდგომის მოახლოება საქართველოში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტრადიციის, რთველის გაცოცოხლებას ნიშნავს. ქართული ღვინის დაყენების პროცესი მხოლოდ რუტინულიი საქმე როდია - რთველის მოვლა, დაკრეფა და დაწურვა ერთიანი ძალებითა და წარსული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით მიმდინარეობს. რთველს ქართულ ხელოვნებაშიც საკუთარი სიმბოლოები აქვს - ქვევრი, ვაზი, ვაზის ფოთლები, დოქი და ცხადია, ღვინო. ეს ორნამენტები და ფერთა სახასიათო გამა შემოდგომის შემოსვლის პარალელურად ცოცხლდება და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოშიც მეტად თვალსაჩინოა. რთველი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ვაზის კრეფა - ის გვაერთიანებს, გვიღვიძებს ნოსტალგიას და გვიძლიერებს მხოლოდ შემოდგომისთვის დამახასიათებელი მშვენიერების აღქმას.

 


საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში გვხვდება. ყურძნის ჯიშების ნაწილი ზაფხულიდან, ან ჩვეულებრივზე გვიან - დეკემბერში მწიფდება. გააჩნია ვაზის ჯიშს, მისი მომწიფების პერიოდს. თუმცა, ეს პერიოდი უმეტესობას შემოდგომაზე უდგება. ამიტომაც, რთველის ოფიციალურ სეზონად შემოდგომა მოიაზრება. რთველის სეზონი ძირითადად კახეთში „იხსნება“ და გრძელდება დასავლეთ რეგიონებში - იმერეთში, რაჭაში, გურიაში.

 

რთველი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა. რთველის დროს ადამიანები იმავე განწყობითა და შემართებით იკრიბებიან, როგორც დღესასწაულებზე. ზოგადად, რთველით განისაზღვრება ოჯახის სიუხვე, ბარაქიანობა და წარმატებული წელი. ამიტომაც, წლის მთავარი მოვლენა ბევრი ქართველისთვის სწორედ რთველია. ადრე არსებული ტრადიციის მიხედვით, ძველი ხალხისთვის დამახასიათებელი იყო ცხოველების მსხვერპლშეწირვა, იმედით, რომ რთველი მომგებიანი იქნებოდა და დამდეგუ წელიც ამ სიუხვით წარიმართებოდა.

 

იმ რეგიონებში, სადაც რთველი უკვე მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი ტრადიციაა, გავრცელებულია განსხვავებული ხალხური მეთოდები, ტრადიციები, ტექნოლოგიები, ამავე თემატიკის სიმღერები, პოეზია და თქმულებებიც კი. ამ ყველაფრის და რაც მთავარია - საყვარელი ადამიანების ერთობა ქმნის რთველის მთავარ განწყობას. ასე იყო ოდითგანვე, რთველის დამღლელ პროცესში ჩასართველად ყველა დიდი პოზიტივითა და გულმოდგინებით ემზადებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რთველს დიდი შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა და ცოდნა სჭირდება, ქართველებს ამ ტრადიციის სიყვარული ღრმა წარსულიდან მოსდევთ, ამიტომაც, რთველი საბოლოოდ სასიამოვნო პროცესად იქცევა. ეს არის მიზეზი, რატომაც მასში მონაწილეობის მიღების სურვილი ოდესღაც ყველას გაგვჩენია.

 

რთველის დასრულების შემდეგი ეტაპები ღვინის დაწურვა და შენახვაა. რაჭისა და კახეთის რეგიონები ამ მხრივ ყველაზე აქტიურ მხარეებად მიიჩნევიან. ვაზის მოვლის ხანგრძლივი პროცესი მთელ წელიწადს გრძელდება. ყურძნის გემოზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს - ამინდი, მიწის ნოყიერება, ადგილმდებარეობა. ყურძნის სიტკბოს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღვინოსთვის, რომელიც მისგან დაყენდება. ღვინის დაყენებისა და შენახვის ქართული უნიკალური ტექნოლოგია დიდ ინტერესს იწვევს მთელ მსოფლიოში. ქვევრის მსგავსი ჭურჭელი ჯერ კიდევ ნეოლითის დროიდან ნაცნობია ქართული კულტურისთვის. მსგავსი ფორმისა და აგებულების ღვინის შესანახი ჭურჭელი მხოლოდ საქართველოში არსებობს. ქართული ღვინის შენახვის უძველეს ტექნოლოგიას სწორედ ქვევრი განსაზღვრავს. ქვევრით ღვინის შენახვა მიწისქვეშ შესაძლებელია რამდენიმე თვითა და წლით.

 

„ქვევრების“ კოლექცია

 

ბლუტაბლა შემოდგომას „ქვევრების“ სუფრებისა და ჭურჭლის კოლექციით ხვდება. მასზე იხილავ იმ ორნამენტებს, რომელიც ქართულ რთველთან ასოცირდება - ვაზის, ქვევრის, დოქისა და სხვა ნაცნობ გამოსახულებებს. მთელი კოლექცია შექმნილია ქართული ღვინოს კულტურის სიყვარულითა და შთაგონებით.