როგორ იქმნება ბლუტაბლა - წარმოება

31 Aug 2023

ბლუტაბლა - დამზადებულია საქართველოში

 

ბლუტაბლას კოლექცია მოიცავს სახლის ნივთებსა და აქსესუარებს: სუფრას, ჭურჭელს, ფარდაგებს, პლედებს, ბალიშებს, შარფებს, სამკაულებსა და მაჯის საათებს. თითოეული ერთიანდება ქართული თემატიკისა და შინაარსის გარშემო. გარდა ამისა, ყველა ნივთი დამზადებულია საქართველოში. თუ როგორ იქმნება მათი დიზაინი და განსხვავებული კომპოზიციები, წინა ბლოგში ვისაუბრეთ. ამ ბლოგში უფრო დეტალურად გაგაცნობთ ინდუსტრიულ ნაწილს და ჩვენი პროდუქციის დამზადების პროცესს.

 



სუფრა

 

ლურჯი სუფრა XVII საუკუნიდან ქართული ყოფის განუყოფელი ნაწილია. ბლუტაბლას ისტორიაც ლურჯი სუფრის კომპოზიციის აღდგენით იწყება. ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურა ჩვენი საავტორო დიზაინის მთავარი შთაგონებაა. მივიწყებული ლეგენდები, უძველესი რწმენა-წარმოდგენები თუ ისტორიული არტეფაქტები არის ის უშრეტი წყარო, რომლებიც ჩვენს იდეებს დეკორატიულ ხელოვნებად აქცევს. გვჯერა, რომ ხარისხიანი პროდუქტის საიდუმლო როგორც მის შინაარსში, ასევე, შექმნის პროცესში იმალება. ტრადიციული სუფრის პირვანდელი ნიმუშის აღსადგენად ვიყენებთ ტექსტილის ციფრულად ბეჭდვის უახლეს ტექნოლოგიას. თითოეული ორნამენტი სუფრის დიზაინში ინდივიდუალურ, სიმბოლურ როლს თამაშობს, ამიტომაც მათი შერჩევა და ქსოვილზე კომპოზიციური განლაგება დიდი სიზუსტით სრულდება. შემდეგი ეტაპი ორნამენტებით მორთული ტექსტილის შემოჭრა და სუფრის კიდეების ხელით შემოკერვაა. ამავე პრინციპით იკერება ჩვენი რანერები, ხელსახოცები, რანერები, შარფები, პლედები, ჰალსტუხები და ბალიშისპირები.


 

ჭურჭელი

 

ჭურჭლის სრული კოლექცია ასევე მზადდება საქართველოში, ჩვენს ადგილობრივ ქარხანაში. უმაღლესი ხარისხის ფაიფური ბლუტაბლას ჭურჭლის ფუნდამენტური ბაზაა. ფაიფურის თეთრ ჭურჭელს დიდი დელიკატურობით ეკრობა დეკალი, შემდეგ კი გამოიწვება ღუმელში. ამ ტექნოლოგიით დამზადებული ჭურჭელი ყოველდღიურად მარტივი მოსახმარია - მისი გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, გამოყენება შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელშიც. ორნამენტები წლების განმავლობაში ინარჩუნებს მის თავდაპირველ ეფექტს.

ჭურჭლის ნაწილი ხელნაკეთია - თიხა გამოძერწილია და მოხატულია ხელით.

 



ბოლო ნაბიჯი

 

საბოლოოდ, თითოეული ნივთი თავსდება ბლუტაბლას ბრენდირებულ შეფუთვაში და თავს იყრის ერთ სივრცეში - ჩვენს ფილიალებში. ჩვენთან სტუმრობა შეგიძლია შემდეგ მისამართებზე:

ჰოუმმარტი (ჭავჭავაძის #37)

გალერია თბილისი

საბურთალოს სითი მოლი

ისთ ფოინთი

თბილისი მოლი

გლდანის სითი მოლი

ბლექ სი მოლი (ბათუმი)

და ჩვენს ახალ ფილიალში - პეკინის #23.

ზემოთ გავლილი პროცესები ეტაპობრივად შეგიძლია ამ ბმულზე იხილო. ვიდეოკლიპში ასახულია ის ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ჩვენი ნივთები იქმნება და საბოლოოდ მაღაზიის დახლებზე ხვდება.