როგორ შეიქმნა სუფრა "იმერეთი" ?

09 Jul 2024

 

ჩვენი საქართველოს რეგიონების კოლექციას კიდევ ერთი ახალი დიზაინი, „იმერეთი“ შეემატა. ახალი კომპოზიციით ჯერ-ჯერობით შევქმენით სუფრა და შარფი - სხვა სიახლეები ჯერ კიდევ წინ არის. გარდა ამისა, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით, სადაც სტუმრობა და ამ კოლექციის დათვალიერება თავად შეგიძლია მისამართზე - ვესტ პოინტი ქუთაისი (შარტავას #2).

სუფრა „იმერეთზე“ მუშაობა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. ბლოგში სწორედ ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპს გაგაცნობთ და დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ შევქმენით „იმერეთის“ ახალი დიზაინი.

 

ინსპირაცია

 

იმერეთის ღირშესანიშნაობებს ალბათ ყველანი კარგად ვიცნობთ. ჩვენი შთაგონების წყაროც სწორედ ეს ადგილები და ისტორიული ძეგლები იქცა. გარდა ამისა, გვინდოდა სუფრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ადგილებიც დაგვეტანა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცნობილია ადგილობრივი, თუ უცხო თვალისთვის. იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, შესაბამისად, ის სამუშაოდ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

სხვა კოლექციების მსგავსად, ამ კომპოზიაზეც გვინდოდა ქართული პოეზიისთვის საპატიო ადგილი დაგვეთმო. ქართველი კლასიკოსი მწერლების პოეზია და პროზა არა მხოლოდ შინაარსობრივად აღმოჩნდა იდეალური დიზაინისთვის, არამედ ჩაფიქრებული ემოციებიც ზუსტად გადმოსცა.

 

მოგზაურობა იმერეთში

 

ალბათ გაინტერესებს, კონკრეტულად რომელ ადგილებს იხილავ სუფრა „იმერეთზე“. სუფრაზე როგორც ქუთაისის, ასევე მთელი იმერეთის ღირშესანიშაობებს აღმოაჩენ: ქუთაისის ოპერის თეატრი, თეთრ ხიდი, კაცხის სვეტი, დრამატულ თეატრი, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, პიკასოს ბიჭი... თითოეული მისი ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა და საინტერესო შინაარსის მატარებელია. მაგალითად, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში იხილავ იმ შეუცვლელ გარემოს, რომელშიც იმერელი მწერალი მოღვაწეობდა და მისი შემოქმედების საინტერესო გზას მიჰყვებოდა. თავად წარმოშობით წყალტუბოდან იყო და სახლ-მუზეუმიც აქვეა განთავსებული.

სუფრაზე ქუთაისის ყველასთვის საყვარელ ღირშესანიშაობებსაც დიდი ადგილი დავუთმეთ. გარდა ამისა, ქუთაისის ქუჩაში სეირნობისას სახლებს, ეზოებსა და მცენარეებს რომ შეხვდები, მსგავსს და მხატვრულად მიახლოებულ ჩანახატებს სუფრაზეც აღმოაჩენ. მაგალითად, გვირილა რადგან იმერეთშია მოდებული, სუფრის გარშემოც მიმოფანტული გვირილების კონას იხილავ.

 

"ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან..." - წერდა რეზო გაბრიაძე. ამ დიზაინის შექმნით, ჩვენი მიზანიც სწორედ იმერეთის თავისებურებებისა და განსხვავებული ნიშა-თვისებების გამოკვეთა იყო, რაც ამ უძველეს კუთხეს უხვად დაუგროვდა. საქართველოს რეგიონების კოლექციის მთავარი იდეაც ეს არის და ამ მხრივ წინ უამრავი სიახლე გელოდება.