საქართველოში სიმშვიდე არასდროს ყოფილა, მეფეებს მუდამ ქვეყნის გადარჩენისთვის უწევდათ ბრძოლა. გამონაკლისი არც ბაგრატ IV იყო. XI საუკუნეში ხან გარე მტერი ცდილობდა ქვეყნის დაპყრობას, ხან ძალაუფლებისთვის მებრძოლ ქართველებთან უწევდა ბაგრატს გამკლავება. ბიზანტიის იმპერიაც მტრების სიაში იყო და აქტიურად ცდილობდა ჩვენი ტერიტორიების მისაკუთრებას, თუმცა ბაგრატი მედგარ წინააღმდეგობას უწევდადა. ბიზანტია სხვა ომებსაც აწარმოებდა და ძალები აღარ ჰყოფნიდა, ამიტომ საქართველოსთან დაზავება ამბჯობინა. სწორედ ამ დროს ბაგრტის შვილი მარიამ-მართა ბიზანტიის დიდი იმპერიის დედოფალი ხდება.
ბიოგრაფიული ცნობები
მეფე ბაგრატ IV-ს და მის მეუღლეს, ოსეთის პრინცესა ბორენას ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას მარიამი დაარქვეს, მაგრამ ოსური წარმომავლობის გამო მარიამ-მართას ეძახდნენ. ქართველთა და ოსთა პრინცესას პატარაობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განსამუხტად ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ აღსაზრდელად მიიწვია. ხუთი წლის მარიამი გაემგზავრა, მაგრამ თეოდორა ძალიან მალე გარდაიცვალა და რადგან ბიზანტიაში ყოველი მმართველის შეცვლის დროს საგარეო პოლიტიკაც იცვლებოდა სამშობლოში დაბრუნება მოუწია.
ბიზანტიის დედოფალი მარიამ-მართა
თხუთმეტი წლის მარიამ-მართა კვლავ გაემგზავრა ბიზანტიაში და უფლისწულ მიქაელ დუკაზე იქორწინა. ბიზანტიას იმ დროისთვის მისი დედამთილი ეუდოკია მართავდა, რომელიც ძალაუფლების დათმობას არ აპირებდა. მიქაელი ძლიერი პიროვნება ვერ აღმოჩნდა, მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ მოახერხა ტახტზე ასვლა. ქორწინებიდან სამ წელიწადში მარიამ-მართამ ვაჟი კონსტანტინე დუკა გააჩინა და მისი დაბადებისთანავე არ დაუმალავს, რომ შვილის გაიმპერატორება სურდა. ამის გარანტიას მეუღლისგან ნამდვილად ვერ მიიღებდა, რადგან ეუდოკია ცოცხალი იყო და შვილზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. ოთხი წლის შემდეგ მარიამ-მართა გენერალი ნიკიფორე III ბოტანიატეს მოკავშირე გახდა. მიქაელის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მასზე იქორწინა და და ერთად გადაიბარეს მართვის სადავეები.
მარიამ-მართას შვილის მომავალთან დაკავშირებით გარანტიები სჭირდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ნიკიფორეს პირველი ცოლისგან შვილი არ ჰყავდა და ოფიციალურ მემკვიდრედ კონსტანტინე ითვლებოდა მყარი გარანტიები არ არსებობდა, რადგან ტახტის ხელში ჩაგდება საკმაოდ ბევრს სურდა. ამიტომ დედოფალმა კვლავ მოკავშირის ძებნა დაიწყო და არჩევანი ალექსიოს I კომნენოსზე გააკეთა. ისტორიკოსები არ გამორიცხავენ ნიკიფორეს ტახტიდან ჩამოგდებაში მარიამ-მართას მონაწილეობას.
მარიამი ისეთი მშვენიერი იყო, რომ ალექსიოსსაც აბრალებდნენ მასთან რომანს, მაგრამ ისტორიულად ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ XI საუკუნეში მარიამ-მართა ბიზანტიის ერთადერთი უცხოელი დედოფალი იყო. საერთო ჯამში ბიზანტიას ათი წლის განმავლობაში მართავდა, მისი გამოსახულებით ფულიც იჭრებოდა.
ლეგენდები
დავით აღმაშენებელი მარიამ-მართას ძმისწული იყო. არსებობს ვარაუდები, რომ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, სანამ დავითი მოძლიერდებოდა მარიამი ბიზანტიიდან ეხმარებოდა და რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაში მისი როლი საკმაოდ დიდი იყო.
კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრულ ნაწარმოებში „დავით აღმაშენებელში“ მარიამ-მართას პერსონაჟია. ავტორი მის სილამაზეს იგავმიუწვდომელს უწოდებს და გვიყვება, თუ როგორ სცემდნენ გარეთ გამოსულ მარიამს თაყვანს საეკლესიო პირები, აზნაურები და გლეხები.
არსებობს ლეგენდა, რომ ხუთი წლის მართა ბიზანტიაში გიორგი მთაწმინდელს ჰყავდა წაყვანილი და როცა დედოფალი თეოდორა გარდაიცვალა უთქვამს: „ყველამ იცოდეს, დღეს დედოფალი წავიდა და დედოფალი მოვიდა“.
პოლიტიკური გავლენები და აღსასრული
ნიკიფორე ტახტზე მხოლოდ სამი წელი იყო, იგი ალექსიოსმა ჩაანაცვლა. მარიამ-მართა წესით სასახლიდან უნდა გაეშვათ, რადგან ბიზანტიური კანონის მიხედვით ყოფილი დედოფლები მონასტრებში მიდიოდნენ, მაგრამ არათუ დარჩა, პრივილეგიებითაც სარგებლობდა და შვილის მომავლისთვისაც განაგრძობდა ბრძოლას. მას იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა ალექსიოსის მეუღლეზე ირინე დუკაინაზე, რომ პრინცესა ანა კომნენი დაბადებისთანავე მარიამ-მართას ვაჟზე დანიშნეს. კონსტანტინე დუკა მემკვიდრედ მანამ ითვლებოდა, სანამ ალექსიოსს და ირინეს ვაჟი შეეძინებოდათ.
მარიამის და მისი ვაჟის მომავალი ბუნდოვანი იყო, თუმცა მათი სასახლიდან გაყრას არავინ აპირებდა, პირიქით, მას პრინცესა ანას აღზრდა მიანდეს. მოგვიანებით, როცა ანა კომნენი მწერალი გახდა თავის ნაწერებში მარიამ-მართას წარმოუდგენელ სილამაზეზე წერდა და კომნენების ოჯახისთვის გაკეთებულ სიკეთეს იხსენებდა და სწორედ მის ღვაწლს ასახელებს სასახლეში ყოფილი დედოფლის დატოვების მიზეზად.
მარიამ-მართა სასახლეში კავშირების გასაბმელად დარჩა, რათა ბრძოლა გაეგრძელებინა კონსტანტინეს გაიმპერატორებისთვის, მაგრამ ძალაუფლებისკენ სწრაფვა უცბად გაქრა, როცა ოცდაოთხი წლის კონსტანტინე დუკა გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. მაშინ კი მარიამ-მართამ დატოვა სასახლე და მონასტერში გადავიდა. თუმცა სამეფო კარზე სასურველ სტუმრად ითვლებოდა და ამბობდნენ, რომ დიდგვაროვანი ქართველების და ბიზანტიელების პოლიტიკურად მნიშვნელოვან ქორწინებებში მისი ხელი ერია.
მარიამ-მართა ბაგრატიონი, ბიზანტიაში მარია ალანიელად წოდებული სამოცდაოთხი წლის ასაკში მონასტერში გარდაიცვალა. ბიზანტიის ისტორიამ მარიამ-მართა დაიმახსოვრა როგორც მებრძოლი, ეკლესიური, განათლებული და ძლიერი ადამიანი.