სიცოცხლის განახლების რიტუალი - სუფრა „პურობა“

March 27, 2026

სიცოცხლე მუდმივად ახლდება და მდინარესავით მიედინება. ამ დაუღალავ დინებაში არის რაღაცები, რაც უცვლელი რჩება - ჩვენი ტრადიციები, ემოციები და ის ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც დროს უძლებს. სწორედ ეს მარადიული კავშირები გახდა შთაგონება ჩვენი ახალი კოლექციისთვის.

გაზაფხული განახლებისა და გამარჯვების ეიფორიითაა სავსე. ყოველი აყვავებული ფოთოლი, გაღვიძებული კვირტი და მზით გამთბარი მიწის ბელტიც კი იმის დადასტურებაა, რომ სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს. შემთხვევითი არ არის, რომ წელიწადის ამ დროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვეგებებით - მაშინ, როცა მიძინებული ბუნება ათასი ფერითა და ხმით ხელახლა იბადება.

სწორედ ამ განსაკუთრებული დღეებისა და გაზაფხულის შთაგონებით შევქმენით სუფრა „პურობა“. ეს არის პანო, რომელზეც ჩვენი კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოებია დატანილი:

ვაზი და ხორბალი - ბარაქისა და სიცოცხლის საწყისი. ვაზი, როგორც სიმტკიცისა და ფესვების სიმბოლო და ხორბალი, როგორც ყოველდღიური არსობისა და მიწის მადლის გამოხატულება.

ჩიტები - მახარობლები და თავისუფლების სიმბოლო, რომლებიც გაზაფხულის მოსვლასა და სასიხარულო ამბებს გვამცნობენ.

აღდგომის ნიშნები - რწმენისა და იმედის გამომხატველი დეტალები, რომლებიც გვახსენებენ, რომ ყოველი დასასრული ახალი, უფრო ნათელი დასაწყისია.

„პურობა“ შექმნილია როგორც ბრწყინვალე დღესასწაულებისთვის, ისე თქვენი მყუდრო ყოველდღიურობისთვის. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ სუფრასთან შეკრებილ თითოეულ ადამიანს ეგრძნო ის სითბო და სიმშვიდე, რასაც ტრადიციულ ქართულ ოჯახში მასპინძლობა და ერთად ყოფნა ჰქვია.