​ქართული ანბანი - ბრძოლის ენა

25 Aug 2022

გარესამყაროს შეცნობის პროცესი ყოველმა ჩვენგანმა პირველი სიტყვების წარმოთქმით, მალევე კი ქართული ანბანის წერა-კითხვის შესწავლით დავიწყეთ. ბავშვობისას, როგორც კი ენას ავიდგამდით, ჯერ ჩვენს გარშემომყოფები ცდილობდნენ ესწავლებინათ რამდენიმე ასო-ბგერის გამოთქმა ან უბრალოდ ცნობა, რაც უფრო სიღრმისეულად და საფუძვლიანად სკოლაში გრძელდებოდა. ჩვენს თაობას ჰქონდა ფუფუნება, ქართული ენით სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში ემეტყველა და ესწავლა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, საქართველომ მრავალჯერ გაუძლო მტრის შემოსევასა და ზეწოლას, რომელიც ხან მატერიალური დანაკლისით, ხან კი ენა-სარწმუნოების შევიწროებით სრულდებოდა. ყველაზე რთული პერიოდი ამ მხრივ მაინც საბჭოთა რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მოქცეულ საქართველოს დაუდგა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა საბჭოური კულტურისა და მენტალიტეტის აქტიური პროპაგანდა, თუმცა რეჟიმის მიმართ ხმამაღალი პროტესტის შედეგად, ქართველებმა არ დავთმეთ ის ღირებულება, რომელიც რამდენიმე ათეული საუკუნეა მოგვყვება. ქართულმა ენამ და ანბანმა განვითარების დიდი გზა განვლო და ბრძოლით მოვიდა თანამედროვეობამდე.

 

ასომთავრული, ნუსხური და მხედრული

 

ათასწლეულების განმავლობაში ქართული დამწერლობა დრამატულად იცვლებოდა და ვითარდებოდა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მისი სამი სახე: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ქართული ანბანის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ ის მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა, რასაც ამტკიცებს არქეოლოგიური აღმოჩენები. ძველ ფრესკებზე არსებული წარწერები სწორედ ასომთავრული ანბანით არის შესრულებული. სხვადასხვა ისტორიულ წყაროში მითითებულია დამწერლობის შექმნის განსხვავებული თარიღები - ძვ.წ. III (კავშირშია ფარნავაზის მეფობასთან), ახ.წ. V-VI საუკუნე, რაც უკვე ისტორიული ძეგლებით დასტურდება, რომლებზეც არსებული წარწერები არის უტყუარი მტკიცება ასომთავრული დამწერლობის უკვე არსებობის და დამკვიდრებისა.

ასომთავრულიდან ნუსხურზე გადასვლის მიზეზიც უცნობია და დღესაც განხილვის თემაა. გარკვეული მოსაზრებით, ასომთავრული ანბანით წერას ხანგრძლივი დრო უნდებოდა და, შესაბამისად, შეიქმნა მისი ისეთი ვარიაცია, რომლის წერის განმავლობაშიც დრო საგრძნობლად დაიზოგებოდა. ამასთანავე, ტექსტის წაკითხვაც უფრო მარტივდებოდა. მისი მახასიათებლებიც, მსგავსად ასომთავრულისა, არის სწორი ხაზისა და წრის გრაფიკული სტრუქტურა, თუმცა, ასომთავრულთან შედარებით, უფრო გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს. თავდაპირველად ხელნაწერი ტექსტები შესრულებული იყო ნუსხურისა და ასომთავრულის კომბინაციით, შუა საუკუნეებში კი ნუსხურმა საბოლოოდ გაიდგა ფეხი. ნუსხური ყველაზე მეტად ჰგავს მხედრულ ბეჭდურ შრიფტს.

მხედრული დამწერლობა იგივე თანამედროვე ანბანია, ის ნუსხურის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას წარმოადგენს, იმავე მიზნით, რომ წერა-კითხვა გამარტივებულიყო, თუმცა ქართული დამწერლობისთვის დამახასიათებელი თვისებრიობა მხედრულმა ანბანმა შეინარჩუნა. ნუსხური და მხედრული ანბანის კომბინაციით მრავალი ხელნაწერი გვხვდება შუა საუკუნეების ბოლოდან, ძირითადად, სასულიერო ტიპის, ოფიციალური დოკუმენტები კი შესრულებულია მხედრულით. დროთა განმავლობაში, მხედრული ანბანი საბოლოოდ დამკვიდრდა ქართველებში და დღემდე შეუცვლელია.

 

დღეს

 

ქართული ანბანის სამივე სახეობას იუნესკომ (UNESCO) მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ქართული ანბანი ერთგვარი სიმბოლოა ბრძოლის, ქართული ღირებულებებისა და კულტურული ფასეულობებისა. ცოდნა, ტრადიციები და ქართველი ერის ხასიათი მისი განვითარების ისტორიაში შეგვიძლია ცხადად დავინახოთ. ქართული დამწერლობის სამივე სახეობა ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოირჩევა, ამასთანავე, ერთმანეთს ავსებენ და ჰარმონიულად თანაარსებობდნენ საუკუნეების განმავლობაში.

ბლუტაბლას კოლექციაში საკმაოდ ბევრ აქსესუარსა თუ სახლის ნივთს აღმოაჩენ ქართული ანბანის გამოსახულებით. ფაიფურის ჭურჭელსა და ხელნაკეთ კერამიკის ჭიქებზე, ასევე, თეფშებზეგამოსახულია მხედრული ანბანი. ასევე, მხედრულ ანბანს იხილავ ჩვენს აბრეშუმის შარფებზე, სუფრებსა და მაჯის საათებზე. სუფრა „ბეთლემზე“, მხედრულთა ერთად, გამოსახულია ასომთავრული წარწერაც, რომელიც VI საუკუნით თარიღდება, თუმცა ავტორი უცნობია. წარწერა აღმოჩენილია პალესტინაში, ბეთლემის მახლობლად და გადმოსცემს შემდეგს - „ქრისტეს დახმარებითა და წმიდა თეოდორეს შუამდგომლობით შეწყალებულ იქნეს ანტონი მამა (წინამძღოლი) და იოსია, ამ მოზაიკის მომხსმელი და იოსიას მშობლები“.