ქართული დეკორატიული ხელოვნება

30 May 2023

ქართული ორნამენტები მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროებია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია უძველეს ხალხურ რწმენა-წარმოდგენებზე, ტრადიციებსა თუ მითებზე ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ. შესაბამისად, ქართული სიმბოლოების შესწავლა და გააზრება რთული, თუმცა აუცილებელი პროცესია. ეს ორნამენტები ჩვენს თანამედროვე ყოველდღიურობაში აქტიურად არის შემორჩენილი, მაგალითად, ბორჯღალოს სიმბოლო საკმაოდ გავრცელებული მოტივია და ქართულ ხელოვნებაში დღესაც დამკვიდრებული ფიგურაა. თუმცა, ისტორია და სიმბოლური დატვირთვა, რომელიც მის უკან იმალება, ბევრად საინტერესოა და ამ ფიგურას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

გარდა მითოლოგიური და რელიგიური ასპექტებისა, სიმბოლოები უპირველესყოვლისა კავშირშია ქართულ ხელოვნებასთან და მხატვრობასთან. დროთა განმავლობაში, იცვლება საზოგადოების ზოგადი წარმოდგენები და ცხოვრების სტილი, რაც ავტომატურად მისგან წარმოქმნილი სიმბოლოების შეცვლას/ჩანაცვლებას არ იწვევს, რადგან ორნამენტი პირველ რიგში ესთეტიური მნიშვნელობით - დეკორის მიზნით იქმნება. ცხადია, სხვადასხვა იდეები ამ ორნამენტის წარსულ აღქმადობაში რჩება, თუმცა, ამით ფიგურის აქტუალობა არ იკარგება და თანამედროვეობაში განსხვავებული ხედვითა და პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენება. მაგალითად, მზის ორნამენტი დღესდღეობით რელიგიურად აღარ ინტერპრეტირდება, თუმცა ქართულ ხელოვნებაში მაინც აქტიურად გამოიყენება. შესაბამისად, ორნამენტების გააზრება ჟამთა ცვლის შესაბამისად განსხვავდება, ვითარდება და იცვლება, მაგრამ ისტორიული კონტექსტით მისი საწყისი არსის ამოკითხვა შესაძლებელია, შესაბამისად, აქტუალობას არც არასდროს კარგავს.

 

სიმბოლიკა

 

ჯვრის გამოსახულება ქართულ ხელოვნებაში ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით უძველეს ნაგებობებზე. მისი რელიგიური მნიშვნელობა, როგორც ქრისტიანული ქვეყნის მაგალითზე, ნათელი და გასაგებია, თუმცა ამით ჯვრის ფიგურის შინაარსი არ იწურება. უძველეს ქართულ ორნამენტებში ჯვრის სიმბოლო ყველაზე დიდი მნიშვნელობით განისაზღვრებოდა და მთელი კომპოზიცია სწორედ ამ ორნამენტის გათვალისწინებით იგებოდა - ჯვრის ორნამენტით ორიენტირდებოდა სხვა ელემენტების კონსტრუქციული გადანაწილება. ამ ყველაფრის ლოგიკური ახსნა შეგვიძლია ჯვრის, როგორც ქვეყნიერების საფუძვლის აღქმით. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომელიც ევროპისა და აზიის უძველესი ხალხების კულტურებს ემყარება და გულისხმობს, რომ ჯვარი საკოორდინაციო სიმბოლო იყო, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნიერების ოთხ მხარეს - დასავლეთს, აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. ქართულ ხელოვნებაში ჯვრის გამოსახულება განსხვავებული მხატვრული მოტივებით არის გავრცელებული, თუმცა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობა და დატვირთვა ყველა კომპოზიციაში ჩანს. ჯვრის ორნამენტი ხშირად გვხვდება უძველეს ჭურჭელზე, კავკასიის ბრინჯაოს ძეგლებზე, სხვადასხვა ნივთებსა და ქსოვილებზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მზის სიმბოლოს, რომელსაც ბორჯღალოთი ვიცნობთ. ბორჯღალოს ჯვრის მსგავსად ცენტრალური ადგილი ეკავა კომპოზიციაში და დიდი სიხშირით გამოისახებოდა სხვადასხვა ნივთზე. გამომდინარე ბორჯღალოს ფორმისგან, არსებობს მოსაზრება, რომ ის ჯვრის ფიგურიდან განვითარდა და საბოლოოდ დამოუკიდებელ გრაფიკულ ნიშნად იქცა. ბორჯღალო უძველეს ნიმუშებზე ხშირად ასტრალურ გარემოცვაში გამოისახებოდა, ვარსკვლავებისა და ცის მნათობების სიმბოლოებთან ერთად. ის მეტწილად გამოსახული იყო სახლის ნივთებსა და აქსესუარებზე, ამიტომაც სავარაუდოა, რომ დამცველობითი მნიშვნელობა ჰქონდა. ბორჯღალოს ორნამენტი განსაკუთრებით გავრცელებულია ბრინჯაოს ნაკეთობებზე, მაშინ, როდესაც ხალხი კოსმოსური წარმოდგენებით ცხოვრობდა და არსებობდა მზის ძლიერი კულტი. ბორჯღალოსთან ერთად ხშირად გვხვდება ასევე ლომის გამოსახულება, როგორც მზის ცხოველის.

კიდევ ერთი გავრცელებული მოტივი ზოომორფული სიმბოლიკებია. სხვადასხვა მითოლოგიურ სცენებზე გამოსახულია როგორც ცხოველები, ასევე ფრინველები და ქვეწარმავლები. ეს გამოსახულებები განსაკუთრებით გავრცელებულია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობებზე, რაც დაკავშირებული იყო ნაყოფიერების ქალღვთაებასთან. ციური სხეულების, მცენარეებისა და ცხოველების სიმბოლიკები ერთიანდებოდა მითოლოგიურ სცენებში, რაც არამხოლოდ ქართული, არამედ უძველეს მსოფლიო მხატვრობაში ძალიან გავრცელებული იყო მისივე სიმბოლური ქვეტექსტებით. ცხადია, ეს ქვეტექსტები განსხვავდებოდა ეპოქებისა და კულტურების მიხედვით, თუმცა, მათ დიდ ნაწილს მაგიური მნიშვნელობა ჰქონდა და ძირითადად სხვადასხვა ტიპის რიტუალებს გამოსახავდა. ქართულ ხელოვნებაში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიგურა იყო ირმის, რომელიც დამოუკიდებელ სიმბოლოდაც გვხვდება ხოლმე და მოსახლეობის რწმენებთან არის კავშირში.

ანთროპომორფულ, ანუ ადამიანის მსგავს გამოსახულებებს ქართულ მხატვრობაში დიდი ადგილი უჭირავს. უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანები ძირითადად ნადირობის სცენებსა და რელიგიურ რიტუალებში ჩართულები არიან გამოსახულები. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია ღვთაებრივ პერსონაჟებთან. ქალისა და მამაკაცის ფიგურებით სიმბოლურად გამოისახებოდა ხოლმე მზე და მთვარე. საბოლოო ჯამში, შესაძლოა ითქვას, რომ ყველა ტიპის ორნამენტი და გამოსახულება უძველეს კომპოზიციებზე შინაარსობრივად ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაში იყო და გარკვეულ ამბავს ყვებოდა. ეს ისტორიები დროთა განმავლობაში ფორმირდა, თუმცა სიმბოლოები შენარჩუნდა და საუკუნეების შემდეგაც აქტიურად გამოიყენებოდა.

 

ლურჯი სუფრა

 

ამ ორნამენტებმა XVII საუკუნემდეც მოაღწიეს, ამჯერად ტრადიციული ლურჯი სუფრის დიზაინზე. უძველესი ნიმუშები, რომლებიც დღეს მუზეუმშია დაცული, სწორედ ცხოველების, ფრინველების, ადამიანებისა და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებით არის გაფორმებული. ხშირად გვხვდება ბორჯღალოს, ირმის, მზის, აღმოსავლური მანებისა და ტრადიციულ ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანების გამოსახულებები. ფაქტია, რომ ამ ორნამენტებმა აქტუალობა ათასწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა და ქართული ყოფის, ხელოვნებისა და კულტურის თანმდევ ელემენტებად იქცნენ.

ბლუტაბლას ლურჯი სუფრის კოლექციაში სწორედ ამ მოტივებით გაფორმებულ სუფრებს, რანერებსა და ხელოსახოცებს შეხვდები. გარდა ტრადიციული დიზაინებისა, აღმოაჩენ თანამედროვე ელემენტებსა და კომპოზიციებს, რომელიც შთაგონებულია ქართული ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით.