ძმები ზდანევიჩების შესახებ

06 Jun 2023

ბიოგრაფია

 

ძმები ზდანევიჩების შემოქმედება ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფენომენია. ქართული კულტურის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში მათ კოლოსალური წვლილი მიუძღვით, ისევე, როგორც იმ დროის თანამედროვე მხატვრებს: ლადო გუდიაშვილს, ნიკო ფიროსმანს, დავით კაკაბაძეს. ძმებმა ზდანევიჩებმა ქართული ავანდგარდიზმის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს, რამაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების რაკურსი შეცვალა. ქართული მოდერნისტული ხელოვნების დაბადებისა და განვითარების პროცესში ძმები ზდანევიჩების შემოქმედების გააზრება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

ძმები ზდანევიჩები პატარაობიდანვე ხელოვანი მშობლების ოჯახში იზრდებოდნენ, მამა - მიხეილ ზდანევიჩი საქართველოში გადმოასახლეს პოლონეთის ამბოხების შემდეგ და თავდაპირველად ქალაქ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში, ფრანგულ ენას ასწავლიდა. დედა, ეროვნებით ქართველი - ვალენტინა გამყრელიძე პიანისტი იყო. ფრანგული კულტურისა და ქვეყნის სიყვარული ძმების ცხოვრებაში მრავალჯერ გამოიხატა. საფრანგეთში ძმებმა მოგვიანებით იმოგზაურეს და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები იმ მიზნით დაჰყვეს, რომ მოდერნისტული ხელოვნების ახალი, ექსპერიმენტული გზები კიდევ უფრო კარგად გაეცნოთ, მსოფლიო ხელოვნების მრავალფეროვნებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ კირილესა და ილიას ბევრ ქვეყანასთან ჰქონდათ შეხება, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში აღიზარდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი აქ დაჰყვეს, ისინი ქართული ხელოვნებისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებიან. ძმები ზდანევიჩების მოგონებებიც ქართული მიწის სიყვარულითა და ნოსტალგიით არის გაჟღენთილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს იყვნენ დაშორებულნი.

ძმების ცხოვრება მეტწილად ტრაგიკული იყო, განსაკუთრებით კი კირილესი, რომელიც 1949 წელს გადაასახლეს და თბილისში ღრმად მოხუცი დაბრუნდა. ძმებმა ზდანევიჩებმა ცხოვრების დიდი ნაწილი ერთმანეთის გარეშე, დაშორებულებმა გაატარეს მეოცე საუკუნის პოლიტიკური რეპრესიების გამო. ძმების თბილი და მჭიდრო ურთიერთობის კარგად ამსახველი წყარო მათ მიერ ერთმანეთთან გაგზავნილი წერილებია, რომელიც წლების შემდეგ გამოიცა კიდეც.

ძმებმა ზდანევიჩებმა თავდაპირველად თბილისიდან მოსკოვსა და პეტერბურგში იმოგზაურეს შესაბამისი განათლების მიღების მიზნით. აქ ისინი ადგილობრივ შემოქმედ საზოგადოებასა და ავანგარდული ხელოვნებას კიდევ უფრო კარგად გაეცნენ, რის შედეგადაც ორივე მათგანი ავანგარდული მოძრაობის აქტიური წევრი გახდა, განსაკუთრებით, კი ილია, რომელიც დიდი ენთუზიაზმით იცავდა ხელოვნების ამ ახალ მიმართულებას.

ძმებმა პარიზშიც იმოგზაურეს. ილია 1921 წელს ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქში, კირილე კი ამ დროს საფრანგეთიდან დაბრუნებული, უკვე საქართველოში იმყოფებოდა. ილია მრავალმხირივ ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი იყო -  პოეტი, მწერალი და მკვლევარი. პარიზში წასვლამდე, 1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მეოხებით ორგანიზებულ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ჩანახატებს აწარმოებდა. როგორც მწერალმაც დიდი წარმატება ჰპოვა და პარიზში მისი კრებულები რამდენიმეჯერ გამოიცა. ილია პარიზში ბევრ გენიალურ შემოქმედს გაეცნო, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ახლო მეგობრული ურთიერთობა კოკო შანელსა და პაბლო პიკასოსთან. ილიას მიერ გამოცემული წიგნები (სონეტების კრებული, პოემები, თავისი და სხვა ავტორების ნაწარმოებების კრებულები) გაფორმებულია სწორედ პიკასოს მიერ, თანაც, ილიას მიერ მოფიქრებული დიზაინით. რაც შეეხება კოკო შანელს, თავდაპირველად მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირდებდათ, რაც მეგობრულში გადაიზარდა და საბოლოოდ, ფრანგმა დიზაინერმა ილიას შვილიც მონათლა.

სამწუხაროდ, ძმისგან განსხვავებით, კირილეს პარიზში დიდი ხნით არტისტული მოღვაწეობა არ დასცალდა და სამხედრო სამსახურის გამო სამშობლოში დაბრუნება მოუწია. თუმცა, ამ დროის განმავლობაში პარიზში გატარებულმა წლებმა ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიერ გამართულ გამოფენას პიკასო ეწვია და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

1920 წლის შემდეგ, ძმებმა ერთმანეთი კვლავ პარიზში, თუმცა დიდი ხნის შემდეგ - 1968 წელს იხილეს. სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნებულმა კირილემ ქვეყნის საზღვრები წლების განმავლობაში ვერ დატოვა, რადგან 1921 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. ამას დაემატა კირილეს 10 წლიანი გადასახლებაც და ძმები ერთმანეთი დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ, თუმცა, შეძლებისდაგვარად წერილებით ურთიერთობა მუდამ აქტიურად ჰქონდათ.

 

ფიროსმანის აღმოჩენა

 

ზდანევიჩების ცხოვრების ყველაზე ცნობილ ეპიზოდად შესაძლოა მათი ფიროსმანთან ურთიერთობა მივიჩნიოთ, რომლითაც ძმებს საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს. სინამდვილეში, ფიროსმანამდეც და მას შემდეგ ზდანევიჩების მიერ განვლილი გზა, როგორც დამოუკიდებელი ისტორია, ძალიან საინტერესოა. თუმცა, განსაკუთრებული ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის ქვეშ მაინც ძმები ზდანევიჩებისა და ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ურთიერთობა ექცევა.

ნიკალას შემოქმედება ძმებმა ზდანევიჩებმა თბილისში, ერთ-ერთ სახელოსნოში აღმოაჩინეს. თავდაპირველად ის კირილემ იხილა, მოგვიანებით კი ილიამ. ილია თავის მოგონებებში იხსენებს მის პირველ შეხვედრას ფიროსმანთან, რომლის დროსაც ნიკალა ღარიბულ ტანისამოსში გამოწყობილი ხატავდა. პირველი სტატია ფიროსმანის შესახებ სწორედ ილია ზდანევიჩს ეკუთვნის, რომელსაც მალევე გამოფენა მოჰყვა. ფიროსმანის შესახებ ილია ზდანევიჩმა დღიურიც აწარმოა, სადაც ფიროსმანისა და ილიას დიალოგებია გადმოცემული. ეს დღიური დღესდღეობით თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ინახება. ძმები ზდანევიჩები წლების განმავლობაში აგროვებდნენ ფიროსმანის შემოქმედებას, წერდნენ სტატიებს მის შესახებ და საბოლოოდ, ქვეყნის გარეთაც მოახდინეს მისი პოპულარიზაცია, რის შედეგადაც ის პაბლო პიკასომ იხილა. ილიას მიერ ერთ-ერთი გამოცემული წიგნი მიეძღვნა ნიკო ფიროსმანს („ფიროსმანაშვილი“), რომელიც მისივე თხოვნით პიკასომ გააფორმა და 1972 წელს ნიკალას მიუძღვნა გრაფიკული პორტრეტი.

 

სიცოცხლის ბოლო წლები

 

კირილეს კულტურული მემკვიდრეობას ისეთივე ტრაგიკული ბედი ეწია, როგორც მის ცხოვრებას - მისი შემოქმედების დიდი ნაწილი დაკარგულია და ნახატებს მხოლოდ დღემდე შემორჩენილი ფოტოებით ვიცნობთ. კირილე თავის მოგონებებში წერდა, რომ მისი ნამუშევრები თავად გაანადგურა, ნაწილი კი დროთა განმავლობაში დაიკარგა. გადარჩენილი კომპოზიციები დღესდღეობით კერძო კოლექციონერებს ეკუთვნით ან სხვა ქვეყნის მუზეუმებშია დაცული, ისიც, მცირე რაოდენობით. ილია ზდანევიჩის ნამუშევრების დიდი ნაწილი მისმა მეუღლემ მუზეუმს გადასცა საფრანგეთსა და თბილისში.

ილია 1975 წელს, ხოლო კირილე 1969 წელს გარდაიცვალა. კირილე თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონსში დაკრძალეს, ილია კი გარდაიცვალა და დაიკრძალა საფრანგეთში.