კოლხური კულტურა
ალბათ მითი არგონავტებისა და ოქროს საწმისის შესახებ ყველას გვსმენია. ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში ეს ლეგენდა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო და გვქონდა ეჭვიც, შეესაბამებოდა თუ არა ეს ისტორია სინამდვილეს? ნეტავ, მართლა არსებობდა მეფე აიეტი და ოქროს საწმისი? რეალურად, მითი არგონავტებზე ძალიან მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია, ვიდრე ბავშვობისას წარმოგვედგინა. ბერძნული მითოლოგია ერთ-ერთი უძველესი და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, შესაბამისად, მასში კოლხეთის მოხსენიების ფაქტი მიანიშნებს მის რეალურ სიძლიერესა და დომინანტურ პოზიციაზე ჯერ კიდევ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. არგონავტების მითი, სხვა ლეგენდები, ისტორიული წყაროები და არქეოლოგიური აღმოჩენები მეტყველებს ფაქტზე, რომ კოლხეთი ეკონომიკურად ძლიერი და მდიდარი კულტურის მქონე ისტორიული მხარე იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მრავალგზის კვლევის შემდეგ, კოლხეთზე ბევრად მრავალფეროვანი ინფორმაცია გვაქვს, რაც, რელევანტური არქეოლოგიური აღმოჩენებითა და ისტორიული წყაროებით დასტურდება, შესაბამისად, დღესდღეობით უფრო კარგად აღიქმება კოლხეთის როლი ჩვენი ისტორიისა და კულტურის ფორმირებაში.
ისტორია
კოლხეთი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს მოიცავდა, ის სწორედ დასავლური ხალხის დასახლებას/გაერთიანებას წარმოადგენდა. კოლხეთის ზუსტი საზღვრები და დედაქალი/ცენტრალური ქალაქები უცნობია, თუმცა მსხვილი სამოსახლოების კვალი გვხვდება ვანის ტერიტორიაზე. მისი ზღვისპირა გეოგრაფიული მდებარეობისგან გამომდინარე, კოლხეთში განვითარებული იყო ვაჭრობა, რაც ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი სოლიდური მიზეზი გახდა. გარდა ამისა, ხელი შეუწყო ბერძნულ კოლონიზაციას. ბეძნებმა შავი ზღის სანაპიროზე დაარსეს ახალშენები, შესაბამისად, თანაცხოვრების შედეგად ბერძნულმა კულტურამ ზეგავლენა იქონია როგორც ქართულის ფორმირებაზე, ასევე იმდროინდელი ცხოვრების სტილზე. მსგავსებები არსებობდა მანამდეც, ქრისტიანული სამყაროს დიდ ნაწილზე ბერძნული კულტურას გავლენა ირიბად თუ პირდაპირ მუდმივად ჰქონდა.
კოლხეთის ეკონომიკურ სიძლიერეზე სხვა ბევრი ფაქტორიც მიანიშნებს. ერთ-ერთი ასეთია კოლხურის თეთრის, ვალუტის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ მონეტის ზუსტი მოჭრის ადგილი უცნობია, მისი ისტორიული როლის განსაზღვრა შეგვიძლია, რადგან დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად გამოიყენებოდა. გარდა ამისა, არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით შესწავლილია კოლხური ნასახლარები და ანტიკური ხანის სამაროვნები, რომლებიც ამავე ფაქტზე მეტყველებს. ზოგადად, კოლხეთის მჭიდრო კავშირმა და ურთიერთობამ განსხვავებული კულტურის ქვეყნებთან განაპირობა მრავალფეროვნება და ეკონომიკური სიძლიერეც. სწორედ სამარხების კვლევამ მოგვცა შესაძლებლობა იმდროინდელი სოციალური მდგომარეობის შესწავლისა, მაგალითად: გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კოლხეთში მდიდრულად ცხოვრობდა. სამარხებში აღმოჩენილია ვერცხლის, ბრინჯაოს, ოქროს ნივთები, სამკაულები, ნაკეთობები და ა.შ.
ოქრომჭედლობა
კოლხური ბრინჯაოს კულტურა ძირითადად გამოვლენილია სამარხებსა და ნამოსახლარებზე, სადაც სხვა სიმდიდრეებთან ერთად გვხვდება სამკაულები. სამარხებში ხშირად აღმოჩენილია სამაჯურები, საკიდები, მძივები და საკისრე რგოლები სხვადასხვა (ხშირად ცხოველების) სიმბოლოებითა და ორნამენტებით. სამაჯურები ძვ.წ. II საუკუნიდან გავრცელებული იყო ევროპაში, კოლხეთში მისი ხმარების აქტიური ტენდენციაც, დიდი ალბათობით, სწორედ აქედან გავრცელდა. სამკაული კოლხეთის ოქრომჭედლობის განუყოფელი ნაწილი იყო. შესაბამისად, მათზე გამოსახულ ფიგურებს ჰქონდა სომბოლური მნიშვნელობა.
ცხოველებისა და ფრინველების სიმბოლიკებს ზოგადად ქართულ, როგორც ქრისტიანულ კულტურაში, ჰქონდა რელიგიური დატვირთვა და კავშირში იყო ხალხის რწმენა-წარმოდგენებთან. მაგალითად, დათვის სიმბოლო გამოხატავდა ძლიერებისა და უკვდავებას, მგელ-დრაკონის გამოსახულების საწყისი კი მითოლოგიური ნარატივია. სწორედ ბრინჯაოს სამკაულების პარალელურად კოლხურ ოქრომჭედლობაში მკვიდრდება სხვადასხვა ფანტასტიკური, გამოგონილი ან/და ე.წ. „კბილებიანი“ ცხოველების გამოსახულებებიც. ბერძნულ მითოლოგიასა და არგონავტების მითის ეპიზოდებშიც, სადაც საყურადღებოა, რომ მოქმედება კოლხეთში ვითარდება, აღწერილია მსგავსი ტიპის ცხოველი სიმბოლო, რომელიც გამოხატავს სიმდიდრესა და ნაყოფიერებას.
სპირალური ფორმის საყურეები და ბეჭდები გავრცელებული იყო ანტიკურ საბერძნეთში, თუმცა კავკასიაში ანალოგიური ტიპის სამკაულებიგანსხვავებულია ფორმითა და დეკორით, რაც სხვა ტრადიციებთან კავშირზე უფრო მიგვანიშნებს. სპირალების დეკორატიულ ელემენტად გამოყენება საკმაოდ გავრცელებული იყო, თუნდაც ოქროს თმის სამაგრებსა და საყურეებზე. ბეჭდები ანტიკურ ხანამდე საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის არ გვხვდება, თუმცა მოგვიანებით საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა და მრავალი ტრადიციის შემადგენელი ნაწილიც ხდება.
კუს გამოსახულებას სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კოლხეთში, კერძოდ კი ვანში, აღმოჩენილია სწორეს კუს გამოსახულებიანი საკიდებით გაფორმებული ოქროს ყელსაბამი. ბერძნულ მითოლოგიაში კუ უკავშირდება სხვადასხვა ღვთაებებს, ის შეიძლება იყოს სიმყუდროვის, ნაყოფიერების ან მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ კუს სიმბოლო საკმაოდ გავრცელებული იყო ძველ ცივილიზაციაში, ვანის ყელსაბამი ერთადერთი არტეფაქტია ამ უნიკალური გამოსახულებით.
გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია კიდევ მრავალი ოქრომჭედლობის ნიმუში, რომელიც ვიზუალურად და შინაარსითაც უნიკალური და მეტყველია. კოლხებს ჰქონდათ არა მხოლოდ მდიდარი საცხოვრებელი გარემო და ეკონომიკური სიძლიერე, არამედ მდიდარი კულტურა, დატვირთული შინაარსობრივად ღირებული სიმბოლოებით. მართალია, ბერძნული და ანტიკური კულტურის გავლენა დიდი იყო, თუმცა ინდივიდიზუალიზმი და სახასიათო თვისებები არის სწორედ ის რეცეპტი, რომლითაც ქართული კულტურული იდენტობა შეიქმნა და საუკუნეების განმავლობაში განვითარდა.