ენდემური ჯიშები და მათი თავისებურებები

04 May 2023

ქართული ენდემური ჯიშები

ბლუტაბლას ახალი საგაზაფხულო კოლექცია ფერადი და ყვავილოვანი ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა, განსაკუთრებით - „ბროწეულების ბაღი“. მის დიზაინში საინტერესო ისაა, რომ თითოეული ყვავილოვანი მცენარე, რასაც სუფრაზე იხილავ, ქართული ენდემური ჯიშებია, ესენია: კოლხური ბზა, გარეჯის სალბი, აფხაზეთის ხარისძირა, ღვინა და ასკილი. რა თქმა უნდა, მათთან ერთად, სუფრაზე ბროწეულების ხშირი ორნამენტებია. ბროწეულის დატვირთვა ქართულ ხელოვნებაში, კინემატოგრაფიასა და კულტურაში უძველესი დროიდან უცხო სულაც არ არის. სიმბოლურად, ბროწეული უკვდავებასა და ესთეტიკასთან ასოცირდება. არანაკლებ საინტერესო ისტორია აქვს ქართულ ფლორას, მის თავისებურებებსა და განვითარების ეტაპებს. მათ შორის ისეთი სახეობებია, რომლებიც იშვიათი ტიპისაა და წითელ ნუსხაშია შეყვანილი.

საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა მუდამ მომგებიანად ითვლებოდა, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სხვა რაკურსით. ცხადია, ადგილობრივმა უნიკალურმა ეკოლოგიურმა პირობებმა განაპირობა მრავალფეროვანი ენდემური ფლორისა და ფაუნის არსებობა. რამდენიმე ასეული ენდემური მცენარებიიდან დიდი ნაწილი რელიქტურიცაა. იმის გათვალისწინებით, რომ ენდემური მცენარეების ნაწილი დღესდღეობით წითელ ნუსხაშია, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფლორის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის პოპულარიზაცია. ცხადია, საქართველოში არსებობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხზე აქტუალურად მუშაობენ და ტარდება შესაბამისი ექსპედიციები, რომელიც ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

 

კოლხური ბზა

 

კოლხური ბზა ალბათ ყველაზე მარტივად ამოსაცნობი ენდემური მცენარეა, რადგან ქრისტიანულ დღესასწაულთან, ბზობასთან არის კავშირში და ყოველწლიურად დეკორატიული დანიშნულებით აქტიურად გამოიყენებოდა. გამომდინარე იქედან, რომ კოლხური ბზა მარადმწვანეა და ასობით წელი ხარობს, ლოგიკურია, რომ რელიგიური დატვირთვაც შეიძინა და იმაზე მეტი მნიშვნელობა მიიღო, ვიდრე უბრალოდ მცენარემ და ქართული იდენტობის, ისტორიისა და ტრადიციების განუყოფელ ატრიბუტად იქცა. ამ ეტაპზე კოლხური ბზა საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, ამიტომაც საქართველოს წითელ ნუსხაშია შესული და შესაბამისად, იცავს ქართული კანონმდებლობაც.

კოლხური ბზა მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, მისი ფოთლები მკვეთრი მწვანე შეფერილობისაა. ძირითადად იზრდება და ხარობს მიუდგომელ ადგილას, ტყეებსა და ღრმა ნიადაგებში, თბილ და ტენიან ადგილას. კავკასია და მისი კლიმატი, გეოგრაფიული პირობები ამ სახეობისთვის არახელსაყრელ გარემოდ ითვლება, ამიტომაც, ფაქტი, რომ 15 000 წლის წინ კოლხური ბზა - მარადმწვანე მცენარე გამყინვარებას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია, ამ სახეობას კიდევ უფრო ძვირფასსა და მოსაფრთხილებელს ხდის.

 

ხარისძირა

 

საქართველოში ხარისძირას ორი სახეობა გვხვდება: კავკასიური და აფხაზური. ძირითადი განსხვავება მათი ყვავილების შეფერილობაშია. აფხაზური ხარისძირა საქართველოს ენდემია, კავკასიური კი კავკასიის ეკორეგიონის. ორივე მათგანი მრავალწლიანი ბალახოვანი და დეკორატიული მცენარეა. აფხაზური ხარისძირას ყვავილი ალისფერი, ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობისაა. გავრცელებულია აფხაზეთში, სამეგრელოსა და იმერეთში, ბზის მსგავსად, იზრდება ტყეებსა და შედარებით მიუდგომელ ადგილებში. კავკასიური ხარისძირა მოყვითალო შეფერილობისაა და ფერდობებზეც გვხვდება, გავრცელებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. ხარისძირა მასობრივად ცნობილია ძირითადად მისი სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე - გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატების დასამზადებლად.

 

გარეჯის სალბი

 

გარეჯის სალბი საქართველოს ენდემია, ხარობს კახეთში, მხოლოდ გარეჯის ტერიტორიაზე და შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა. გარეჯის სალბო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ნახევრად ბუჩქის ტიპის. ფოთლები მოკლეყუნწიანია და დიდი ზომის ყვავილი არ აქვს, ამიტომაც უფრო მეტად მწვანე შეფერილობისაა, გვირგვინი მეწამული ფერისაა. ვიზუალურად, კლასიკური ჯიშის სალბისგან განსხვავებულია.

 

ღვინა

 

ღვინა გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა ნაწილში, მათ შორის, თბილისშიც. მისი ყვავილის შეფერილობა იისფერი ან მეწამული შეფერილობისაა, საიდანაც გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ღვინა კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. კიდევ ერთი სახეობა - ყვითელი ღვინა მუქი ყვითელი ან იისფერი შეფერილობისაა და იზრდება ალპურ სარტყლებში, ისიც საქართველოს დიდ ნაწილშია გავრცელებული.

 

ასკილი

 

ასკილი საქართველოს ენდემური მცენარეა, თუმცა, რამდენიმე სახეობა გავრცელების არეალით და სხვა მახასიათებლებით ერთმანეთისგან განსხვავდება. საქართველოში ცნობილია რამდენიმე ათეული სახეობა, მსოფლიოში კი რამდენიმე ასეული. ასკილი ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და ხშირ შემთხვევაში ეკლებიანი ბუჩქია. ყვავილების ფორმა ერთი ტიპისაა, შეფერილობა კი შესაძლოა იყოს თეთრი, ღია ყვითელი, ვარდისფერი და მეწამული. გავრცელებულის არეალის მიხედვით არსებობს თუშეთის, კავკასიური, დოლუხანოვის (გავრცელებულია აფხაზეთსა და სვანეთში) ასკილი. ასკილის დანიშნულება მრავალფეროვანია: გამოიყენება როგორც დეკორატიულად, ასევე სამკურნალოდ და ჩაის/ნაყენების დამზადებაში.

 

საქართველოს წითელი ნუსხა

 

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ცხოველებისა და მცენარეების ის იშვიათი ჯიშები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ და გადაშენების პირას არიან. გარდა ამისა, მასში ვაწყდებით მაღალი ღირებულების ჯიშებს, უცხო და ენდემურ სახეობებს. მეოცე საუკუნის მიწურულს შეიქმნა მსოფლიოში პირველი წითელი წიგნი და რამდენიმე წლის შემდეგ, ის საქართველოშიც გამოჩნდა, თუმცა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სია, რის წინააღმდეგაც ქმედებებს კანონმდებლობა არ იცავდა. თუმცა, საზოგადოებაში ცნობიერების დონე მაინც ამაღლდა და სოციუმი ერიდებოდა ისეთი ჯიშის განადგურებას, რომელიც წითელ წიგნში იყო შესული. დღესდღეობით, საქართველოს წითელი ნუსხა მეტად მკაცრი ტიპისაა და რაც მთავარია, მასში შემავალ სახეობებს კანონი იცავს. გარდა ამისა, შესაბამისი კვლევების შედეგად, გარდა საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველისა თუ მცენარის სახეობისა, წიგნში მითითებულია საფრთხის გამომწვევი მიზეზი, გამოყოფილია მათი კატეგორიები, მახასიათებლები და ა.შ. საბოლოო ჯამში, ქართულ ენდემური ფლორა და ფაუნა დღეს მეტად დაცულია, ვიდრე წარსულში, რასაც მეტწილად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ შეუწყო ხელი.