სივრცე და ნივთები, რომელთა გარემოცვაშიც ბავშვი იზრდება, მის პიროვნებას აყალიბებს, უღვიძებს ჯანსაღ ცნობისმოყვარეობას და აფართოებს მისი წარმოსახვის საზღვრებს. ფიზიკური და ემოციური გარემო პირდაპირ განსაზღვრავს პატარას განვითარებას, თვითრწმენასა და სამყაროსთან ურთიერთობას.
ზრდის პროცესში ბავშვები სწავლასა და ყოველდღიურ გამოცდილებას ერთმანეთისგან არ ყოფენ. ისინი სამყაროს მთელი არსებით - ემოციებით, შეგრძნებებითა და მოძრაობით შეიცნობენ. ყოველი კუთხე, ყოველი ტექსტურა და ყოველი ნივთი მათ ირგვლივ ამ დიდი შემეცნებითი მოგზაურობის თანამონაწილეა. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა განწყობას ქმნის და რა ამბავს ჰყვება ნივთები, რომლებთანაც ბავშვს ყოველდღიური შეხება აქვს.

ყოველდღიურობა, როგორც თავგადასავალი
ჩვენი ახალი საბავშვო კოლექციით პატარების ყოველდღიურობაში ვქმნით ადგილს ცხოვრების უმთავრესი ინგრედიენტის - თავგადასავლისთვის. თავგადასავალი ისაა, რაც ბავშვს სამყაროს აყვარებს, უვითარებს ხასიათს და რუტინას სილაღით ავსებს.
ჩვენი ნამუშევრები ჩვეული დღის რეჟიმისთვისაა შექმნილი: კოლექციაში იპოვით ჭურჭელს, ფარდაგებს, მატებსა და საბნებს, რომლებიც მეცადინეობას, სკოლისთვის სამზადისს თუ დასვენებას ზღაპრული ხალისით სავსე რიტუალად აქცევს. ყველა ნამუშევრის ილუსტრაცია ჩვენს სტუდიაში, ხანგრძლივი შემოქმედებითი ძიების შედეგად დაიხატა - შევქმენით ვიზუალური ენა, რომელიც ერთდროულად შემეცნებითიც არის და ბავშვურად ლაღიც.
ჩვენი ნამუშევრები ჩვეული დღის ჩვეული რეჟიმისთვისაა. კოლექციაში იპოვით ჭურჭელს, ფარდაგებს, მატებსა და საბნებს, რომლებიც მეცადინეობას, სკოლისთვის სამზადისს თუ დასვენებას ზღაპრული ხალისით სავსე რიტუალად აქცევს. ყველა ნამუშევრის ილუსტრაცია ჩვენს სტუდიაში, ხანგრძლივი შემოქმედებითი ძიების შედეგად დაიხატა — შევქმენით ვიზუალური ენა, რომელიც ერთდროულად შემეცნებითიც არის და ბავშვურად ლაღიც.

საბავშვო კოლექცია და ნამუშევრები დიდი ოცნებებისთვის
კოლექციის დიდი ნაწილი ლეგენდარულ ქართულ ზღაპრებს ეძღვნება, რომელთა მრავალშრიანობა და უნივერსალური სიბრძნე მუშაობის პროცესში ხელახლა აღმოვაჩინეთ.
ნაცარქექიასგან მოხერხებულობა და გონებაგახსნილობა ვისესხეთ, კომბლესგან - საქმის ერთგულება და მიზანდასახულობა, წიქარასგან - თავდადებული მეგობრობა, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის კატა და ლომისგან - ცხოვრებისეული სიბრძნე და მოხერხებულობის გაკვეთილი. ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით, ყველა ამ საყვარელი პერსონაჟის ჩვენეული ვერსია შევქმენით.
ზღაპრულ გმირებთან ერთად, კოლექციაში ანბანისა და ციური სხეულების ხაზი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ნაივური ფორმებით, მშვიდი ფერებითა და სიმბოლოებით ბავშვის სივრცეს შემეცნებითი დატვირთვა შევძინეთ. ეს ორნამენტები პატარებს აჩვენებს, რომ მათი ოცნებები და შესაძლებლობები ისეთივე უსაზღვროა, როგორც კოსმოსი, ხოლო მშობლიური ანბანი - დიდი სამყაროს პირველი ჯადოსნური გასაღებია.
ჩვენ გვჯერა, რომ დიდი აღმოჩენები პირადი სივრციდან იწყება, და გვსურს, ბლუტაბლას ნამუშევრები ამ ჯადოსნური გარემოს განუყოფელი ნაწილი გახდეს.