ფოტოცვენა 2026 დასრულდა: გაიცანი გამარჯვებული

05 Nov 2026

წლევანდელი ფოტოცვენა ერთი შეხედვით მარტივი კითხვით დავიწყეთ, დავინტერესდით: რა ფერია შემოდგომა? 

პასუხად ასობით განსხვავებული კადრი მივიღეთ და მათში სეზონის ისეთი უცნობი ელფერები აღმოვაჩინეთ, რომლებსაც ყოველდღიურობაში ხშირად შეუმჩნევლად ვუვლით გვერდს. 

კადრებს შორის საუკეთესოს პოვნა ნამდვილ შემოქმედებით თავგადასავლად გვექცა: ვეძებდით მხატვრულ ხედვას, კრეატიულობას და იმ განსაკუთრებულ ემოციას, რომელიც თემას ზუსტად უპასუხებდა. ბევრი კამათის შემდეგ სამი რჩეული ფოტო ავირჩიეთ. 

გამარჯვებული ფოტო - ელენე კომახიძე


მეორე ადგილზე გასული ფოტო - ნანა ნიკოლეიშვილი


მესამე ადგილზე გასული ფოტო - ნინი მიქაია

პირველ ადგილზე გასულმა ფოტომ თავიდანვე მიიპყრო ჩვენი ყურადღება მხატვრული ხედვითა და შემოდგომის მკვეთრი წითელი ფერით. ავტორმა ნიკალა ფიროსმანის ესთეტიკა ოსტატურად გადმოიტანა ციფრულ ფოტოგრაფიაში. შემოდგომა კადრში თითქმის ფერწერულ განზომილებას იძენს, თითქოს ძველი თბილისური დუქნის კედლიდან გადმოსულიყოს. 

ფოტოს ავტორი ელენე კომახიძე 21 წლისაა და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა მისი ყოველდღიურობა ყოველთვის ხელოვნებით იყო სავსე: „ვიზუალურ ხელოვნებასთან ჩემი კავშირი თინეიჯერობისას დაიწყო, როცა ფირის კამერა მაჩუქეს. მას შემდეგ ინტერესი არ გამნელებია“, მოგვიყვა ელენემ.


კონკურსის შესახებ ელენემ ინსტაგრამიდან, დედლაინამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე შეიტყო: „იმავე საღამოს დავიწყე წიგნაკში ჩანახატების გაკეთება და იდეების ჩანიშვნა. ბევრს ვფიქრობდი შემოდგომაზე, წარმოვიდგენდი მის ფერებს, ნელ-ნელა შემოპარულ სუსხს. მერე გავხსენი ლეპტოპი და ფიროსმანის უკვე ათასჯერ ნანახი ნახატები თავიდან დავათვალიერე. სწორედ მაშინ გამიჩნდა ამბიცია, რომ ფოტოს საშუალებით მისი სამყარო გაგვეცოცხლებინა.“ 

ფიროსმანის მიმართ ელენე ბავშვობიდან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს: „მახსოვს, ერთ შემოდგომას დედამ ფიროსმანის ნახატების სანახავად წამიყვანა. მას მერე ყველგან ფიროსმანის სახეების, მოტივებისა თუ ფორმების შემჩნევა დავიწყე: ძველი თბილისის ქუჩებში, რთველზე, მეთევზეებში, ქართულ სუფრასთან.“ 

ელენემ მალევე შეკრიბა სანდო ადამიანების გუნდი. Ბავშვობის მეგობარი ანა ჯაფარიძე მას იდეის განხორციელებაში დაეხმარა. Კადრში კი მათი მეგობრები: ნიკუშა, ვაჩე, ზურა და გიორგი მოხვდნენ. გუნდი ბევრს ფიქრობდა იმაზე, ამოიცნობდა თუ არა მნახველი კადრში ფიროსმანს. მათ ისტორიული ეპოქის უბრალო იმიტაცია არ სურდათ: მიზანი ისეთი სცენის შექმნა იყო, რომელშიც მხატვრის ხედვა და ქართული შემოდგომის განწყობა ბუნებრივად გაერთიანდებოდა. შემოქმედებით პროცესში ბლუტაბლაც სრულიად ორგანულად ჩაერთო: „ჩვენს სანაცნობოში ბლუტაბლას ნივთი ყველას აქვს, გადაღებაზეც ყველა თავ-თავისი ნივთით მოვიდა.“ 

კადრის ცენტრში ელენესთვის ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი მოექცა: „ჩემი საყვარელი ნივთი სწორედ ის სუფრაა, რომელსაც ფოტოში ცენტრალური ადგილი უჭირავს. როცა მას ვუყურებ, მახსენდება ყველა ის განსაკუთრებული მომენტი, რომელიც მის გარშემო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად მაქვს გატარებული. ძალიან მომწონს აზრი, რომ ნივთებს, მათ შორის ამ სუფრას, ჩვენი ამბების შენახვა შეუძლიათ.“

ყველა მონაწილის ფოტო: https://photo.bluetabla.ge/