​თბილისური სადარბაზოები

05 Oct 2026

თბილისის ძველ უბნებში ქალაქის მჩქეფარე წარსული მოულოდნელ ადგილებში გვახსენებს თავს: მაგალითად, სადარბაზოების კართან და მათ მიღმა.

ჩვენი ახალი სუფრა თბილისური სადარბაზოები ქალაქის გამორჩეულ არქიტექტურას ეძღვნება: სოლოლაკის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვერის ძველ სადარბაზოებს, მათ მოჩუქურთმებულ კარებს, ფერად ვიტრაჟებს, ჭედურ ცხაურებსა და ისტორიულ იატაკებს.

ქალაქის მემატიანეები

XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი ძირეულად გარდაიქმნა. ფეოდალური ყოფა ახალმა ბურჟუაზიულმა ურთიერთობებმა ჩაანაცვლა, რამაც ქალაქში ევროპული ტიპის განაშენიანება და სრულიად ახალი არქიტექტურული ელემენტები — საზეიმო სადარბაზოები და შიდა კიბეები დაამკვიდრა.


სადარბაზოებში ევროპული და აღმოსავლური, ქრისტიანული და მუსლიმური ვიზუალური ტრადიციები ერთმანეთს შეერწყა. გოთიკური თაღები, მავრიტანული ორნამენტები და არტ-ნუვოს ფორმები ადგილობრივ ოსტატთა ხელში გადამუშავდა, ფერადი ვიტრაჟებიდან შემოსული სინათლე კი ამ ეკლექტურ სამყაროს განსაკუთრებულ მაგიურობას სძენდა.

ასე ჩამოყალიბდა ის თვითმყოფადი ურბანული ესთეტიკა, რომელსაც დღეს თბილისურ სტილს ვუწოდებთ.

ქუჩებიდან სუფრამდე

თბილისური ესთეტიკის მოხელთებაზე ბლუტაბლას დიზაინერებმა: ომო გეთიაშვილმა და თიკო მოსიძემ იმუშავეს.


დიზაინის შექმნას წინ ქალაქის ხანგრძლივი კვლევა და დოკუმენტირება უძღოდა. დიზაინერები თბილისის ძველ უბნებში არქიტექტურულ დეტალებს აგროვებდნენ: შთამბეჭდავ სადარბაზოს კარებს, იატაკის ფილებს, აივნის თაღებს, ორნამენტებსა და სხვა ელემენტებს, რომლებიც ქალაქის მრავალშრიან ისტორიას ინახავს.


მოგვიანებით ეს ელემენტები თანამედროვე ვიზუალურ ენად გადაითარგმნა: დიზაინში ისტორიული იატაკის ფილები გაცოცხლდა, აივნების თაღოვანმა ჩუქურთმებმა კი ახალი ორნამენტების სახე მიიღო. ნამუშევრის გამაერთიანებელ ფონად ის განსაკუთრებული ცისფერი შეირჩა, რომელსაც, აღმოსავლური ესთეტიკის გავლენით, თბილისის არაერთ ისტორიულ ფასადსა და ინტერიერში შეხვდებით. ეს ტონალობა ლაჟვარდს: ლაპის-ლაზურის უძვირფასესი მინერალის ღრმა ფერს უკავშირდება.

წარსულსა და აწყმოს შორის

თბილისური სადარბაზოები ნელ-ნელა ქრება. ზოგიერთი მათგანი დროისა და მოუვლელობისგან იმდენადაა დაზიანებული, რომ თავდაპირველი სახით მათი შენარჩუნება სულ უფრო რთულდება.


ამიტომ ჩვენთვის ამ კოლექციაზე მუშაობა ქალაქის გამორჩეული ვიზუალური მეხსიერებისთვის ახალი ადგილის გამონახვის მცდელობა იყო — ყოველდღიურობაში, ჩვენს მაგიდებთან.