ბლუტაბლა x ბესიკ ხარანაული

22 აპრ 2024

გაზაფხულის მოახლოებას ყველანი დიდი სიხარულით ველოდებით. ამ სეზონს მისთვის დამახასიათებელი მრავალი ემოცია ახლავს თან. აყვავილებული და თბილი გარემო ამ ემოციების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

გაზაფხული ჩვენთვის კიდევ ერთ შთაგონებად იქცა. გადავწვიტეთ, გაზაფხულის ყველაზე სიმბოლური ყვავილი - „იასამანი“ ამ ემოციების გამაერთიანებელ სიმბოლოდ გვექცია და სწორედ ამ იდეით შეიქმნა სუფრა „იასამანიც“.

 


ბლუტაბლა x ბესიკ ხარანაული

იდეა გრაფიკულ ჩანახატად იქცა, თუმცა, გვინდოდა სუფრა კიდევ უფრო მკაფიოდ ამეტყველებულიყო. ჩვენი სხვა კოლექციების მსგავსად, ამ კომპოზიციაზეც დავიტანეთ ქართული პოეზია და სწორედ ლექსის მეშვეობით გადმოიცა სიტყვიერად ის მთავარი სათქმელი და გრძნობები, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილ დიზაინს თავიდანვე ახასიათებდა.

ბესიკ ხარანაულთან კოლაბორაციით ამ მიზანსაც წარმატებით მივაღწიეთ. მან სპეციალურად ბლუტაბლასთვის შექმნა ლექსი იასამანზე, რომელიც გადმოსცემს იასამნის ყვავილთან დაკავშირებულ თბილ, იმედით აღსავსე, სიყვარულით გამსჭვალულ გრძნობებს.

ეს ფრაზები სუფრაზე ისე დავიტანეთ, რომ მისი აწყობა და ლექსად შეკვრა მომხმარებელმა თავად შეძლოს. სწორედ ამ ლექსისთვისა და სუფრა „იასამნისთვის“ ასევე შეიქმნა ფონტი, რომელიც კომპოზიციას იდეალურად შეერწყა.

„იასამანი სამანია ოცნებას და ცხოვრებას შორის.

იასამნის მტევნები ვარსკვლავებია.

გაზაფხულია იასამანი, სიყვარულიც გაზაფხულია.

იასამანს ერთხელ დაყნოსავ და მერე სულ გახსოვს.

იასამანი ჩახჩახა ვარსკვლავიანი ციდანაა ჩამოფრენილი.

იასამანი სამანია ცუდს და კარგს შორის - სულისმოსათქმელი.

იასამანი მე მაგონებს პირველ სიყვარულს.

იასამანი, სამანია ზამთარსა და გაზაფხულს შორის.

ქალის სახეზე სიხარულის ცრემლები რომ გამჭვირვალდება, იასამნის მარცვლებს მაგონებს.

იასამნის სუნი იასამნის სულია, ადამიანს იწვევს სიწმინდეში.

იასამანი მარადი ქალწულია.

იასამნის სურნელს სიტყვით ვერ შეამკობ, დატკბი იმით, რაც იასამანია.

ყველაზე უფრო იასამანს არ უყვარს ჭკნობა.

იასამანი ერთი თვე ყვავის, ადამიანს კი მთელი ცხოვრება უდგას ფანჯარასთან.“

 

 

წარმოება

სუფრა „იასამნის“ ჩანახატიდან წარმოებამდე განვლილი გზა კიდევ ერთ, საინტერესო პროცესად იქცა. ეს საფეხურები დეტალურად აღწერილია ჩვენს ახალ ვიდეორგოლში, სადაც კარგად ჩანს თუ საიდან გაჩნდა იდეა, როგორ იქცა ის ჩანახატად, შემდეგ კი ქსოვილზე გადაინაცვლა და საბოლოოდ, მომხმარებლამდე ისეთი სახით მივიდა, როგორადაც ის თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.