უკრაინული კულტურის თილისმა, ანუ - ვიშივანკა

29 ნოე 2022

ვიშივანკა წარმოდგება უკრაინული ზმნისგან - ქსოვა, ამოქარგვა (вишива́ти). ის საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა და დღემდე მრავალჯერ სახეცვლილმა მოაღწია, თუმცა მთავარი იდეა შეინარჩუნა. ვიშივანკას შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია - მის შესახებ პირველ წყაროებს ჯერ კიდევ ანტიკურ ისტორიაში ვაწყდებით.

 

ვიშივანკას ისტორია

ვიშივანკა არის უკრაინული ტანისამოსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტრადიციული ორნამენტების ნაქარგობა. უკრაინული ნაქარგობები და მაქმანები გვხვდება ევროპულ კულტურაში. ვიშივანკას ვიზუალი მარტივად ამოცნობადია. შესაძლოა, არც კი იცოდე მისი განვითარების ისტორია ან წარმომავლობა, თუმცა, დანახვის დროს აუცილებლად ასოცირდება აღმოსავლური ევროპის კულტურასთან. სახასიათო ფერებისა და ორნამენტების კომბინაცია ქმნის იმ პატერნს, რომელიც მხოლოდ ვიშივაკნას ახასიათებს, დროთა განმავლობაში, კი ედება მთელ მსოფლიოს და გვხვდება უფრო ფართო მასშტაბით.

ვიშივანკას ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ასეული წლით ადრე იწყება - მას თავდაპირველად უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებში ვაწყდებით. ისტორიის თანახმად, ამავე პერიოდში ნაქარგობები ასახავდნენ ცხოველებს, მცენარეებს, ზეციურ სხეულებსა და გარშემომყოფი ბუნების თავისებურებებს. ორნამენტები გამოხატავდა საკრალურ რიტუალებსა და მითებს, ამიტომაც კავშირში იყო ცრურწმენებთან - მას ერთგვარი დამცველობითი ფუნქცია ენიჭებოდა. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში ვიშივანკა ქორწილის, ნათლობისა და სხვა დღესასწაულების განუყოფელ ნაწილად იქცა. არსებობს შესაბამისი ტრადიცია, რომ ქორწილამდე პატარძალმა მომავალი ქმრისთვისა და მისი მშობლებისთვის ვიშივანკა უნდა მოქსოვოს, რათა დაიცვას მომავალი ოჯახი.

 

სიმბოლიზმი

ვიშივანკას დიზაინი პირდაპირ უკავშირდება უკრაინულ კულტურას, ხელოვნებასა და ტრადიციებს. ის სიმბოლურად გამოხატავს ეროვნულ ღირებულებებს. ვიზუალურად ესთეტიკური ორნამენტი თავისი შინაარსით ბევრად მეტყველია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უძველესი დროიდან მოყოლებული, ვიშივანკამ სახე ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა მუდამ გამოხატავდა ჯერ კიდევ ისტორიული ცხოვრების სტილს. მასში უძველესი მითებისა და ლეგენდების ამოკითხვაც კი არის შესაძლებელი.

ვიშივანკაზე ძირითადად სამი ტიპის ორნამენტებს ვაწყდებით: გეომეტრიულ ფიგურებს, ცხოველებს/მცენარეებსა და ისტორიულ სიმბოლოებს. ნაქარგობის ვიზუალი და ქსოვის ტექნოლოგია სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია, თუმცა, სიმბოლური მნიშვნელობა მაინც ერთი კონტექსტისაა. გეომეტრიული ფიგურები (წრე, ხაზები, ჯვარი) ხშირად გვხვდება სლავურ კულტურასა და მითოლოგიაში. მცენარეების ფიგურა, მაგალითად - ხის, მის ზოგად მნიშვნელობას ინარჩუნებს და ასოცირდება სიცოცხლის საწყისთან, სამყაროს შექმნასთან. ასევე ხშირია ყაყაჩოს გამოსახულება, რაც ბედნიერების მომტან და დამცველ სიმბოლოდ მიიჩნევა. მსგავსი ორნამენტით მორთული ტანისამოსი, სუფრა ან აქსესუარი ყოველი უბედურების თავიდან ამცილებელი უნდა ყოფილიყო.

ორნამენტების შეფერილობა ტანისამოსზე დამოკიდებულია გარე მოცემულობაზე. თეთრი ტონალობა ძირითადად კავშირშია სადღესასწაულო განწყობასა და სიცოცხლის საწყისთან, შავი კი პირიქით - სიკვდილსა და მწუხარებასთან. წითელი ხშირად მოასწავლის კარგ ბედს, იღბალს, ხოლო მწვანე სიცოცხლესა და მის საწყისს. ცხადია, ეს ყოველივე ცალსახად ცრურწმენაა, თუმცა, მათში იკითხება უკრაინელი ხალხის რწმენა, ინტერესები, ცხოვრების სტილი და ისტორიული განვითარების გეზი. ეს ტანისამოსი წარმოადგენს როგორც ნაციონალური ღირებულების მატარებელ საგანძურს ერისთვის, ასევე ინდივიდუალური რწმენების კრებულს. ვიშივანკას მთავარ მნიშვნელობას საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვა წარმოადგენდა, ამიტომაც, ის მუდმივად ასოცირდება სიკეთესთან, სიყვარულსა და ერთმანეთზე ზრუნვასთან.

 

ვიშივანკა დღეს

საუკუნეების განმავლობაში, უკრაინულმა კულტურამ განვითარების დიდი და რთული გზა განვლო. მსგავსი ტემპით იცვლებოდა ეროვნული სამოსის სახეც. XIX საუკუნეში იხვეწება ვიშივანკას შექმნის ტექნოლოგია. მას უკვე ვაწყდებით საზოგადოების მაღალ ფენაში და გამოიყენება ტანისამოსად, ასევე აბრეშუმისა და სხვა ძვირფასი ქსოვილების აქსესუარად. პერანგი ტრადიციული ნაქარგობით გვხვდება როგორც ქალების, ასევე მამაკაცების გარდერობის ნაწილად.

ვიშივანკას დღესასწაულს უკრაინელები 2006 წლიდან მაისის თვის ყოველ მესამე ხუთშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციული ტანისამოსით იმოსება ყველა დაწესებულებაში, მათ შორის ოფისებში, სკოლებში, ბაღებში და ა.შ. დღესასწაულის მიზანია უკრაინული ტრადიციებისა და ღირებულებების გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ამ დღეს უერთდება არა მხოლოდ უკრაინელი საზოგადოება, არამედ ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსები და საერთაშორისო დონის ცნობადი სახეები, რადგან ფართო ასპარეზზე გამოხატონ პირადი პოზიცია და მხარდაჭერა.

ვიშივანკა საუკუნეების განმავლობაში ირეკლავდა უკრაინელი ერის განვითარების პროცესს. შეუპოვარი ბრძოლისა და მუდმივი პროგრესის სიმბოლოდ სწორედ ეს ტანისამოსი იქცა, მისი სახასიათო ნაქარგობით. ანტიკური ისტორიიდან დღემდე დაგროვებული გამოცდილება, ცოდნა, რწმენა და ფასეულობები უკრაინელმა ერმა აქცია ყოველდღიურობის თანმდევ ნაწილად. ტრადიციული ორნამენტებით შექმნილი ტანისამოსი უკრაინელებისთვის მომავლის იმედის ტოლფასია, განსაკუთრებით იმ მძიმე წუთებში, როდესაც თავისუფლებისთვის ბრძოლა გარდაუვალი ხდება. 


ბლუტაბლას ახალ სუფრაზეც სწორედ ვიშივანკას ორნამენტებია გამოსახული. "ვიშვანკას" დიზაინი სპეციალურად ბლუტაბლასთვის უკრაინელმა დიზაინერებმა შექმნეს, სუფრის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი კი საქართველოში უკრაინელი ლტოვილების დახმარების ფონდში გადაირიცხება.