ცოტაც ქართულ ღვინოზე

15 თებ 2023

ღვინის სამშობლო

 

შემოდგომის მოახლოება სხვა სიამოვნებასთან ერთად რთველის ნოსტალგიასაც ჯერ გვიბრუნებს, შემდეგ კი გვიკმაყოფილებს. ფოთოლცვენის განუყოფელი ნაწილი სწორედ ვაზის კრეფა, მისი დაწურვა, საბოლოოდ კი ღვინის დიდი სიფრთხილითა და შრომით დაყენებაა. ამ პროცესში მონაწილეობა ქართველებისთვის დასაზარ სამუშაოზე მეტად, სასიამოვნო რიტუალად იქცა, რომელიც ადამიანური ურთიერთობებისა და ტრადიციების შენარჩუნების ერთგვარი გამოხატულებაა.

საქართველო ღვინის სამშობლოა. ეს ფრაზა იმდენად გაცვეთილია, რამდენადაც ჭეშმარიტი, ამიტომაც აქტუალობას არასდროს კარგავს. ღვინის ისტორია ჯერ კიდევ 8000 წლის წინ იწყება, ვითარდება და მკვიდრდება საზოგადოებაში ისე, რომ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ათასწლეულების წინ დაწყებული და დღემდე შემორჩენილ-განვითარებული ტრადიცია თანამედროვეობაშიც იხვეწება და ვითარდება ისე, რომ წარსულის მთავარ ღირებულებებს არ კარგავს და მისთვის დამახასიათებელ ნიშას ინარჩუნებს, რისი შედეგიც არის ქართული ღვინის უნიკალურობა მსოფლიოს ბაზარზე.

 

წარსულ საწყისებთან

 

არაერთი არქეოლოგიური არტეფაქტი ამტკიცებს ღვინის ისტორიის ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობას საქართველოსა და მის მეზობელ ტერიტორიებზე. ყურძნის წიპწები საქართველოში ჯერ კიდევ ძვ.წ. VI ათასწლეულიდან გვხვდება. აღმოჩენილია ქვევრის ტიპის, ღვინის შესანახი ჭურჭელიც, რაც მტკიცდება მასზე არსებული ვაზის მტვრით. ასევე გვხვდება სხვადასხვა ნივთი ყურძნის მტევნის გამოსახულებით. ეს აღმოჩენები არა მხოლოდ ველური ვაზის მოშენების უძველეს ისტორიას, არამედ მეღვინეობის კულტურის 8000 წლიან ტრადიციას ამტკიცებს. ამიტომაც, ვაზთან და შესაბამისად, ღვინოსთან ურთიერთობა ქართველებისთვის უბრალო გატაცებაზე მეტია. 

ადრეულ ეტაპებზე ყურძნის წვენს ქართველები შესაბამისი ჭურჭლით მიწაში ინახავდნენ - ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში მთელ ზამთარს მოიცავდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ქვევრით შენახული ღვინო მრავალ ათეულ წელს ითვლიდა. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია, მევენახეობა და მეღვინეობა დროის მსვლელობასთან ერთად იხვეწება, ტექნოლოგია, კი კიდევ უფრო ვითარდება და გადაეცემა მომავალ თაობას.

 

რთველი

 

საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში გვხვდება. ბევრი მათგანი ხარობს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ნაწილი მხოლოდ ადგილობრივად და შესაბამისად, მეტ ზრუნვასა და მოვლას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სავენახე ტერიტორია შეირჩევა, ნიადაგი დამუშავდება, ვაზი დაირგება, გაიზრდება, განვითარდება, განოყიერდება და მომწიფდება, საღვინე ყურძენი იკრიფება. კრეფის პროცესსაც თავისივე წესები და დაუწერელი კანონები აქვს, რომლის დაცვაც აუცილებელია და მოსავლის აღებას კიდევ უფრო შრომატევადს ხდის. თუმცა, დროთა განმავლობაში ყურძნის მასობრივი კრეფა ქართველებისთვის ტრადიციად - ერთგვარ დღესასწაულად იქცა და შემოდგომის მოახლოებაც ყოველწლიურად რთველის სიხარულს გვიღვიძებს.

შემოდგომა საქართველოში სიმბოლურად ბარაქის მომტან სეზონად ითვლება. რთველის მთავარი იდეაც ეს არის - დამღლელ-დამქანცველი, ხანგრძლივი მეთვალყურეობისა და გარჯის შემდეგ გროვდება ნაყოფი, რომელმაც დაღვინებამდე ჯერ კიდევ მრავალი საფეხური უნდა განვლოს - სწორედ რთველის რიტუალით აღინიშნება მოსავლის სიმრავლე და ბარაქიანობა. საბოლოოდ, ყურძნის კრეფა ქართველებისთვის სასიხარულო, სადღესასწაულო ტრადიციად იქცა და დღემდე ამ სულისკვეთებით სულდგმულობს.

 

დაღვინება

 

ღვინის მთავარი ინგრედიენტი და ხარისხის განმსაზღვრელი კომპონენტი სწორედ ყურძენია. რთველის შემდგომი პროცესი უკვე მისი სწორი ტექნოლოგიით დაღვინებაა. ქართველებს ინდივიდუალური, სახასიათო ღვინის მზადების ტექნოლოგია წარსულიდან მოჰყვებათ, რისი მთავარი ატრიბუტიც ქვევრია.

ქვევრის ძერწვის პროცესი იმდენად სპეფიციური საქმეა, რამდენადაც მისი ფორმა და აგებულება. ხელით ძერწვის შემდეგ, ჭურჭელი ჯერ შრება, ბოლოს კი ცეცხლში გამოიწვება. ქვევრის სრულყოფის შემდეგ, მასში ყურძნის წვენი მოთავსდება და მიწაში შეინახება. ქვევრით ღვინის შენახვის ხანგრძლივობა შესაძლოა თვეებიდან რამდენიმე ათეულ წლებამდე გაგრძელდეს. ეს ტექნოლოგია გულისხმობს წესების დიდი სიფრთხილითა და ზედმიწევნით დაცვას, რისი ხარისხიც საბოლოოდ პირდაპირპროპორციულად ღვინოზე ისახება.

 

ღვინო დღეს

 

ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ღირებული და ფასეული ისტორიის მატარებელი ტექნოლოგიაა - მას 2013 წელს იუნესკომ (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. დღესდღეობით, აქტუალურად მიმდინარეობს ქართული ღვინის ექსპორტი ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა ევროპა (დიდი ბრიტანეთი), აზია (ჩინეთი, იაპონია) და აშშ (კანადა).

ქართული ღვინო მჭიდრო კავშირშია ქართული სუფრის ტრადიციასთან. ლურჯი სუფრის შეფერილობაც სწორედ ამ რიტუალიდან მომდინარეობს - სუფრაზე დაქცეული ღვინის ლაქები მუქ ტონალობას ნაკლებად ემჩნეოდა. ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ხალხის გაცნობაც ყველაზე კარგად სუფრასთან მიმდინარეობს. სტუმართმოყვარეობის გარდა, სუფრაზე კარგად შეიცნობა ქართული ხელოვნება, ხალხის თავისებურება და გავრცელებული ადათ-წესები. ცხადია, ღვინო ამ რიტუალის განუყოფელი ნაწილია.

ქვევრი და ყანწი ქვეყნის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მასში იკითხება ის ტრადიცია, რომელიც უკვე საუკუნეების განმავლობაში თან დაგვყვება და ღრმა წარსულიდან იდგამს ფეხებს. ბლუტაბლას სუფრა "ქვევრებზე"ვაზის, ქვევრებისა და ღვინის სხვადასხვა ატრიბუტის გამოსახულებებს იხილავ, აბრეშუმის ჰალსტუხები კი გაფორმებულია ქვევრისა და ყანწის სიმბოლოებით.